სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებულთა წილი 2012 წელს 2011 წელთან შედარებით გაიზარდა და 67.5 პროცენტს მიაღწია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (45.6 პროცენტი) 2006 წელს დაფიქსირდა.
ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის გადანაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. თუ 2011 წელს პირველი შვილის წილი საერთო დაბადებაში შეადგენდა 47.7 პროცენტს, 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 46.2 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით მეორე შვილის წილი საერთო დაბადებაში 37.4 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო შვილების წილი 14.9 პროცენტიდან 15.6 პროცენტამდე გაიზარდა.
ცვლილებები განიცადა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობის განაწილების სტრუქტურამ დედის ასაკის მიხედვითაც, 2011 წელთან შედარებით 46.3 პროცენტიდან - 44.2 პროცენტამდე შემცირდა 25 წლამდე დედების მიერ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა, იმავე პერიოდისათვის, 25 წლისა და უფროსი ასაკის დედებში შეინიშნება 53.7 პროცენტიდან 55.7 პროცენტამდე მატება 2012 წელს 2011 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა დედის საშუალო ასაკი, რომელმაც შეადგინა 24.2 წელი პირველი ბავშვის დაბადებისას და 26.1 წელი საერთო დაბადებისას.
2012 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 1 პროცენტით შემცირდა და 49 348 ადამიანი შეადგინა. 2012 წლისთვის გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მამაკაცისთვის - 72.8, ხოლო ქალისთვის - 77.7 წელია, როდესაც იგივე მაჩვენებელი 2000 წელს მამაკაცისთვის 63.3 წელს, ხოლო ქალისთვის - 71.8 წელს შეადგენდა.
2012 წელს 1 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 12.5 პრომილე იყო. 2012 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) 7 683 ერთეული შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






