საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2015 წლის სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემების ტოპ ათეულებს.
შემეცნებითი გადაცემები მრავლად ნამდვილად არაა წარმოდგენილი ქართულ ტელესივრცეში. თუმცა, სერიალებთან შედარებით მრავალფეროვნება დაფიქსირდა ტოპ ათეულის შედგენისას არხების გამოვლენის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ქართულ ტელესივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს სამედიცინო თემატიკის შემეცნებითი გადაცემები და ტოპ ათეულის პირველ ადგილზე სწორედ ასეთი ტიპის გადაცემა „ექიმები“ გავიდა, რომელიც CBS-ის პროდუქტია ადაპტირებული რუსთავი 2-ის მიერ და ყველაზე რეიტინგული ეპიზოდი 13 დეკემბერს გავიდა, 12.15% შედეგით. ანალოგიური თემატიკის გადაცემა „ემერჯენსი“-ს ყველაზე რეიტინგული ეპიზოდი იმედის არხზე გავიდა 28 იანვარს, და მას სამიზნე აუდიტორიის 4.05% უყურებდა. ხოლო მაესტროს გადაცემა „პულსი“ ტოპ ათეულის ბოლო პოზიციაზე მოხვდა, რეიტინგით 2.05%. პირველ ადგილზე გასულ გადაცემასთან შედარებით დანარჩენი შემეცნებითი გადაცემები შედარებით მცირე აუდიტორიას აგროვებდნენ და რეიტინგებით უფრო ერთ განზომილებაში მოხვდნენ: მაგალითად, „გიო გაბუნიას მოგზაურობას“ 6.13% უყურა 4 აპრილს, ხოლო კინოინდუსტრიაზე გასულ გადაცემა „მსოფლიო კინო პრემიერა კადრს მიღმა“-ს კი 5.92 % უყურებდა. უფრო დეტალურად იხილეთ ცხრილი #1.
მუსიკის მოყვარე ქვეყნის, 2015 წლის ტელე-სივრცე, მუსიკალური პროექტებით საკმაოდ გაჯერებული იყო. მიუხედავად იმისა რომ მუსიკალური ინდუსტრია მაინცდამაინც წარმატებული არაა საქართველოში, სამაგიეროდ წარმატების მომტანია იგი ტელევიზიებისთვის. წარმოგიდგენთ მუსიკალური გადაცემების ტოპ ათეულს.
2015 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი „X ფაქტორი“-ის ყველაზე წარმატებული ეპიზოდი ეთერში გავიდა, 27 აპრილს და მისმა რეიტინგმა შეადგინა 23.44%. ეს წარმატებული პროექტი FremantleMedia-ს იგივე დასახელების ქართული ანალოგია, რომელიც რუსთავი2-ზე გადის. ასევე წარმატებული აღმოჩნდა რუსთავი 2-სთვის საახალწლო კონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს გავიდა და მასში მხოლოდ ქართული მუსიკა ჟღერდა, რეიტინგმა შეადგინა 17.63%.
მესამე ადგილზე გასული, იმედის პროექტის „THE VOICE საქართველო“, რომელიც „THE VOICE”-ს ქართული ანალოგია, ყველაზე ყურებადი ეპიზოდი 13 ოქტომბერს გავიდა და მისმა რეიტინგმა შეადგინა 15.63%. მეოთხე და მეხუთე ადგილოსნები „ერთი ერთში“ და „ორი ვარსკვლავი“, თითქმის თანაბარი რაოდენობის აუდიტორიას აგროვებდნენ. ტოპ ათეულში აგრეთვე მოხვდა საქველმოქმედო შინაარსის მუსიკალური პროექტი, რეიტინგით – 7.97%, რომელიც საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს. საკამოდ ყურებადი იყო ევროვიზია 2015-ის ფინალური ეპიზოდი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა და მისმა რეიტინგმა 6.45% შეადგინა. უფრო დეტალურად იხილეთ ცხრილი #2.
რაც შეეხება ბავშვებისთვის საყვარელი ტიპის ტელე-პროდუქტებს, მისი ტოპ ათეული ძირითადად რუსთავი 2-ის ანიმაციური ფილმებით არის წარმოდგენილი.
ათეულის პირველ ადგილზე მოხვდა, ტიპიურად არასაბავშვო ანიმაციური პროდუქტი, „ქერის უბანი“, რომელიც პოლიტიკურ სატირას უფრო მიესადაგება და მისი ყველაზე წარმატებული ეპიზოდის რეიტინგმა შეადგინა 22.02%. დანარჩენი ანიმაციური ფილმების რეიტინგები მკვეთრად განსხვავდება „ქერის უბნის“ რეიტინგისგან. მათი რეიტინგები მერყეობს 3,33 %-დან 4,95% ის დიაპაზონში და როგორც წესი „ქერის უბნისაგან“ განსხვავებით ისინი ოფ პრაიმ-ტაიმში გადიოდა ეთერში. უფრო დეტალურად იხილეთ ცხრილი #3.

მასალის გამოყენების პირობები






