სახელისუფლო კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მიხეილ მაჭავარიანთან და აკაკი მინაშვილთან დებატების დროს, რომელიც "ლაზარეს" მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას შეეხებოდა, ლაშა ბერულავას მისამართით წარმოთქვა ფრაზა: "თქვენმა აქტივისტმა გაავრცელა".
თინა ხიდაშელის განცხადებით, ლაშა ბერულავამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს განცხადება გავრცელდა რომელიმე ორგანიზაციის გვერდზე.
"ნიუპოსტი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქალბატონი თინას განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება, რადგან "ნიუპოსტის" მიერ გამოქვეყნებული ამ ინფორმაციის შემდეგ სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა ლაშა ბერულავამ, "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თინა ძნელაძის პირველივე თხოვნაზე, მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა წერილი, კონკრეტული ბმულებისა და სქრინ-ფოტოების თანხლებით, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი იმის შესახებ, თუ რა გზით მოხვდა "ლაზარეს" ოფიციალური განცხადება "ნიუპოსტის" სიახლეებში. ამასთან, ლაშა ბერულავამ სატელეფონო ზარის მეშვეობით პირადად გადაამოწმა, მიიღო თუ არა თინა ძნელაძემ აღნიშნული წერილი. თინა ძნელაძემ ლაშა ბერულავასთან საუბარში აღნიშნული წერილის მიღება დაადასტურა, რის შემდეგაც "რესპუბლიკურმა პარტიამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ორგანიზაცია "ლაზარესგან" ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პარტიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ჟურნალისტის ან სააგენტოს მიმართ პრეტენზიაზე.
ლაშა ბერულავას მიერ თინა ძნელაძესთან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი:
"ქალბატონ თინა ძნელაძეს:
თავდაპირველად "ლაზარეს" განცხადება ბმულის, წყაროს მითითების გარეშე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა.
შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ ჩემი კომენტარები, სადაც ვკითხულობ, სად არის ინფორმაციის წყარო და ვითხოვ კომენტატორებისგან, ბმული გამოაქვეყნონ, რასაც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ეხმაურება და "ფეისბუქზე" "ლაზარეს" გვერდის ბმულს დებს. ამ გვერდზე გამოქვეყნებულია სწორედ ის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა "ნიუპოსტში", ჩემი ხელმოწერით (განცხადება ამჟამად წაშლილია, - "ნიუპოსტი").
ხელმოწერა იმიტომ დავაფიქსირე, რომ ამით ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, როგორც ჟურნალისტმა - მსგავსი განცხადების არსებობის შესახებ. სააგენტოში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გამომქვეყნებელი ავტორის ვინაობის მითითება მიღებული პრაქტიკაა მსგავს შემთხვევებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, თუკი პოლიტიკოსი თავად ვერ ახერხებს გარკვევას, ვინ არის ოფიციალური განცხადების ავტორი და ვინ - ჟურნალისტი, თქვენი ფუნქციის მქონე თანამოაზრეები უნდა დაეხმარონ, ჩემი აზრით. რაც შეეხება ქალბატონ თინას ნათქვამს იმაზე, რომ მხოლოდ იმისთვის მომიხსენია აუგად, კომენტარზე რომ არ დავუკავშირდი - ჯერ ერთი, ეგ ინფორმაცია საიტზე გვიან ღამით გამოქვეყნდა და მეორეც - ოფიციალურად არსებული ორგანიზაციის ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება განცხადებაში მოხსენიებული პოლიტიკოსების კომენტარის გარეშე - არა მგონია, მედიაში მიღებული სტანდარტის დარღვევა იყოს.
თან ერთვის ორი სქრინი, იმ შემთხვევისთვის, ინფორმაცია რომ წაიშალოს ან წვდომა არ გქონდეთ "ფეისბუქზე".
პატივისცემით, ლაშა ბერულავა."
ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ნაშუადღევს, ორგანიზაცია "ლაზარემ" ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წაშალა ღამით გამოქვეყნებული განცხადება და დაწერა ახალი სტატუსი, რომ არ "ლაზარე" არ იცნობს ლაშა ბერულავას, რომელიც "მისი სახელით ავრცელებს ინფორმაციას", ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც, სავარაუდოდ, ინფორმირებული იყო "ფეისბუქიდან" განცხადების წაშლის შესახებ, თავს უფლება მისცა, სიცრუის გავრცელებასა და ტირაჟირებაში დაედანაშაულებინა ჟურნალისტი ლაშა ბერულავა და, მასთან ერთად, საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი".
გვინდა განვაცხადოთ, რომ ხელთ გვაქვს სქრინები, რომელიც ადასტურებენ, რომ "ლაზარეს" განცხადება ორგანიზაციის "ფეისბუქის" გვერდზე ნამდვილად გამოქვეყნდა. სქრინიდან ჩანს, რომ "ლაზარეს" გვერდიდან განცხადება სხვა ინტერნეტმომხმარებლებმაც გაიზიარეს. ასევე, არსებობენ ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლაშა ბერულავასთვის ზემოთხსენებული განცხადების არსებობის შესახებ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის "ფეისბუქის" გვერდიდან გახდა ცნობილი, ანუ, ლაშა ბერულავა არ ყოფილა პირველი, ვინც ეს განცხადება "ფეისბუქზე" გაავრცელა.
ამასთან, "ნიუპოსტი" აცხადებს, რომ ბატონმა რეზო ამაშუკელმა, რომელიც ორგანიზაცია "ლაზარეს" თავმჯდომარეა, სააგენტოსთან საუბარში, რომელიც "პოზიციაში" თინა ხიდაშელის განცხადების შემდეგ შედგა, დაადასტურა "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე განცხადების ჯერ გამოქვეყნების, შემდეგ კი მისი წაშლის ფაქტი: "წავშალეთ იმიტომ, რომ ჩავთვალეთ - უნდა წაშლილიყო", - ამბობს ბატონი რეზო (მასთან საუბრის აუდიოჩანაწერს სააგენტო ცალკე გამოაქვეყნებს).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი" აცხადებს, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელის გამოსვლა არის ჟურნალისტის დისკრედიტაციის მცდელობის კლასიკური შემთხვევა, როცა მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსის მიერ მოიხსენიება მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის აქტივისტად მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტმა პოლიტიკოსისთვის არასასიამოვნო განცხადება, მედიაში დამკვიდრებული სტანდარტების დაურღვევლად გაავრცელა.
"ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორი ლაშა ბერულავა ქალბატონი თინა ხიდაშელისგან მოითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას ცილისწამებისა და დისკრედიტაციის მცდელობისთვის, ამავე დროს, "ნიუპოსტი" აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უტყუარობაზე და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს რომელიმე პოლიტიკოსს თუ არა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" სახელით: ლაშა ბერულავა (მთავარი რედაქტორი)
განცხადებას თან ერთვის ვიდეომასალა, "რუსთავი-2"-ის ეთერში ქალბატონ თინა ხიდაშელის გამოსვლის იმ ნაწილიდან, სადაც მან ლაშა ბერულავასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






