-მე არ მაქვს ფული და ვერ ჩავიბარებ _ ასე გვპასუხობენ თხილის ჩამბარებელ პუნქტებში, სადაც თხილის ფასის გარკვევას შევეცადეთ.
გურიაში თხილს მძიმე დრო უდგას, ფასი ყოველ დღე ეცემა, რასაც გლეხებში პანიკა მოჰყვა.
გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ჯერ კიდევ აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 8 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ თხილზე ფასი კიდევ მოიმატებდა, არ გამართლდა. ამჟამად, ერთი კილოგრამის ფასი 3.50-დან 4-ლარამდე ლარამდე მერყეობს. მწარმოებლები თხილზე ფასის ვარდნის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა ეს უხარისხო თხილს უკავშირდებოდეს.
ამბობენ იმასაც, რომ ფასი ყოველ დღე იკლებს, ჩაბარებზე უარს აცხადებენ, გამომდინარე იქედან, რომ დილით აღებულ თხილს სარამოს ფასი ერთი ლარით ნაკლები ფასი ადევს, ამის გამო კი მათ ვალი ედება.
როგორც ადგილზე მიმღებ პუნქტში მომუშავეეები აცხადებენ, მათ ფული ბანკიდან აქვთ გამოტანილი, მოლოდინი იმისა, რომ ფასი მოიმატებდა, აღარ აქვთ:
- რთული სიტუაციაა, მოსახლეობის 70% თხილი არ გაუყიდია. ელოდა ყველა, რომ ფასი გაიზრდებოდა. 8 ლარი იყო და ახლა 3.50 ლარი გახდა. ცოდოა ხალხი. 3.50 ლარად თხილი როგორ უნდა ჩააბარო. გასაქანი არ აქვს ხალხს. ბიზნესი ვისაც გვაქვს ვალები გვედება. დილით რომ ავიღებდით თხილს, საღამოს 7 ლარად ვყიდდით. ყველა ბანკის სესხებით ვმუშაობთ, ფასი კი ყოველდღე ეცემა. გვეუბნებიან, რომ ევროპაში ვეღარ გააქვთ, თხილის უხარისხობაზეც საუბრობენ. არ ვიცით, ვერაფერს გეტყვით, - გვითხრა თხილის ჩამბარებელი პუნქტიში მომუშავე გიორგი ნაკაშიძემ.
- ყველა ინახავდა თხილს, ელოდნენ, რომ შარშანდელი ფასი მაინც ექნებოდა მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა, ყველაფერი ცუდისკენ მიდის. ერთადერთი ვიცით, რომ ქართულ თხილს ევროპაშე რეპუტაცია შეელახა. ყველა საათში ფასი იკლებს. შარშან ამ დროს 10-11 ლარი იყო, ახლა 3.50-4 ლარია. ხალხი დაქცეულია, თუ ასე გაგრძელდა კატასტროფა იქნება,- მალხაზ ვაჩეიშვილი ჩოხატაურიდან, რომელიც ასევე ჩამბარებელ პუნქტში მუშაობს.
იმედბი გაუცრუვდა გლეხებსაც. ერთადერთი შემოსავლის წყარო, რითაც ზამთარში გურულებს თავი გააქვთ, დღითიდღე უფასურდება. როგორც ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, მოლოდინი ჰქონდათ, რომ თხილის ფასი 10-11 ლარი იქნებოდა, ამის გამო გარკვეული ოდენობის თხილი ზამთრისთვის გადაინახეს, რომ ჩააბარებდნენ და ამით თავის გატანას შეძლებდნენ. ამბობენ, რომ თუ ფასი არ მოიმატებს, შიმშილისთვის იქნებიან განწირულები:
- თხილის ფასი დავარდა, მეტი რა უნდა გითხრათ, ეს გლეხისთვის შიმშილს ნიშნავს. შიმშილის მეტი რაღა დაგვრჩენია. თუ ფასმა არ მოიმატა, ვიქნები მშიერი. თუ მოიმატეს კარგი იქნება, თუ არა და გავტეხავ და შევჭამ. ხალხს ორი კაპიკის იმედი ჰქონდა და ფასი დაეცა, არ ვიცი რა გვეშველება. გარკვეულ ნაწილს ვინახავდი, რომ ახლა ჩამებარებია და ოჯახი ზამთარში შემენახა, მაგრამ ისე დაეცა, პურის ფულს ძვლივს ვყიდულობთ.
- გურიაში თხილზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ არაფერი, ეს იმედიც მიიწურა. სამუშაო არაფერია, საარსებო წყარო თხილია და ფასის დაცემა ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შეიძლება თებერვალში 2 ლარით მოიმატოსო, მაგრამ არ გვაქვს იმედი. ყველა ამბობდა ფასი მოიმატებსო, დანაზოგი გვქონდა, მაგრამ ახლა კაპილებში გვიწევს ჩაბარება. გურიას მეტი შემოსავალი არ გააჩნია და თუ ასე გაგრძელდა შიმშილი არ აგვცდება, _ ამბობენ გურული გლეხები.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






