მომღერალი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის მხოლოდ იმ ადამიანებს დაუპირისპირდება, ვინც “მაესტროს” გაკოტრებას შეეცდებიან.
გია გაჩეჩილაძემ „ნიუპოსტთან“ ასევე აღნიშნა, რომ არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას მოითხოვს.
გია გაჩეჩილაძე: ახალი ფორმატის ტელევიზია გაკეთდება. დეტალებზე ახლა ვერ ვისუაბრებ, უნდა მივიდე ტელევიზიაში უნდა ვისაუბროთ ამაზე შიგნით. რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა ეს არის, რომ ძალისმიერი მეთოდებით არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ჩემი კონცეფციით, ჟურნალისტებთან ერთად ამ არხის მშენებლობაში ხალხიც მიიღებს მონაწილეობას.
- საკადრო ცვლილებებს თუ გეგმავთ და ვის მოუწევს სახლში წასვლა?
- არავის არ ვემშვიდობებით, საკადრო ცვლილებები არ იქნება. ყველა ჟურნალისტი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. ჩვენ ყველანი ერთად გადავეწყობით ახალ ფორმატზე.
- ახალ ფორმატში მოხვდება თუ არა „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტაქტი“ ?
-ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავთ.
- ახალი ფორმატის ტელეკომპანიაში იქნება თუ არა ძველი მენეჯმენტი?
- გუშინ გაფორმდა ეს წილები ჩემ სახელზე. ამ თემებზე მას შემდეგ ვისუაბრებ, რაც მივალ ტელევიზიაში და ვნახავ საბუთებს. ამ ეტაპზე იმის პირობას ვიძლევი, რომ ჟურნალისტებს არანაირი ცვლილება არ შეეხებათ.
- “მაესტროს” ინფორმაციით, 4 თებერვალს პარტნიორთა საბჭო ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან დასათხოვნად და ახალი დირექტორის ასარჩევად შეიკრიბება, ვინ შეცვლის გადაბაძეს?
- ნეგატიურად არავის მიმართ არ ვარ განწყობილი, გადაწყვეტილიც არაფერია. რა ცვლილებები იქნება მენეჯმენტში, ბაია სად იქნება, შეიძლება ის დარჩეს კიდეც, ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია.
- ფორმატი ახსენეთ და ალბათ საინტერესოა, პროფილს ხომ არ იცვლის არხი, პოლიტიკურ გადაცემებზე უარს ხომ არ ამბობთ?
- ახალ ფორმატზე გადავალთ ეტაპობრივად. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაცემებს, ის შენარჩუნდება. საუბარი ფორმატებზე ცოტა ნაადრევია, სურვილია რომ ახალი ფორმატის, ძალიან მაგარი ტელევიზია გავაკეთოთ.
- ტვ „მაესტროდან“ ხმაურით წასულ ჟურნალისტებთან თუ გაქვთ კომუნიკაცია, გაქვთ სურვილი, რომ ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია „მაესტროში“ დააბრუნოთ?
- ნინოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, ყველაფერი იქნება პოზიტიურად ნინოსთან, ვახოსთან და ყველასთან. თუ "მაესტროს“ მათ წინაშე რაიმე სახის დავალიანება აქვს, იმასაც გადავიხდით.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით კი, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე არ უარყოფს.
"ნიუპოსტთან" საუბრისას ,,უცნობმა“ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
"მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, კრება დაინიშნება და იქ გადაწყდება ყველაფერი, არაფერს არ გამოვრიცხავ"- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
საკადრო ცვლილებაზე ინფორმაციას ფლობენ "მაესტროს" თანამშრომლებიც, ჩვენი კოლეგები პირად საუარში ადასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას.
ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის. ტვ ,,მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის განხორციელებული ცვლილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს), რომელიც ტელეკომპანიის 25%-ის მფლობელი იყო, საკუთარი წილებიც გაფაუფორმეს. კომპანიის მლობელებს შორის ასეთი ცვლილება უკვე დადასტურებული საჯარო რეესტრში.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






