ჩინური საფონდო ბირჟებზე კრიზისი გრძელდება.
26 იანვარს ქვეყნის წამყვანი საფონდო ინდექსი შანჰაი კომპოზიტი 6.4%-ით შემცირდა. "ბლუმბერგის" ცნობით, ქვეყნის წამყვანი საფონდო ინდექსები გასული 13 თვის მინიმუმამდე შემცირდა, რაც იმის ნიშანია, რომ 2015 წელს არსებული მთელი ზრდა გამქრალია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და კაპიტალის შედინება კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რაც აქციების გაუფასურებას გამოიწვევს.
მსგავსი დაბალი მაჩვენებლი 1990 წლიდან არ დაფიქსირებულა. მიზეზი 2015 წელს დაწყებული საფონდო ვარდნაა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2015 წლის გაზაფხულზე ჩინური ბირჟები განსაკუთრებული მომგებიანობით გამოირჩეოდნენ, ამ დროს პრაქტიკულად ყველა კომპანიის აქციების ღირებულება რეალურ ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ივნისში პანიკური ვაჭრობა და ბირჟიდან ტრილიონობით დოლარის გაქრობა მოჰყვა.
გასულ წელს, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.3% შეადგინა.
ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია შენელებას განაგრძობს, შედეგად ჩინეთის ხელისუფლება ახალი ეკონომიკის აშენებას შიდა მომსახურებისა და მოხმარების ხარჯების გაზრდით ცდილობს და არა, ექსპორტისა და ინვესტიციების.
ჩინეთი განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია, მისი ეკონომიკის შენელება კი ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის, განსაკუთრებით კი აზიური ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებაში აისახება.
ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აქციების ვარდნას პირდაპირი ინტერვენციებით შეებრძოლოს, რის გამოც გაუფასურებული კომპანიების აქტივებს ყიდულობს.
მასალის გამოყენების პირობები






