„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე გავლენას არ ახდენს საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ კურსის 2,4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალაუტო ნაკადები არის დაბალენსებული. მეორე ფაქტორი გახლავთ ფულის მასა, მოგეხსენებათ ფულის მასა მაქსიმალურად შევზღუდეთ და არის 0-თან ახლოს, შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ახდენს გავლენას ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს და გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს.
აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ფისკალური კონსოლიდაცია. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გახლავთ უებარი რეცეპტი და მას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების შემცირება და კერძო სექტორში აქტივობების შემცირება და ეკონომიკური ზრდის შემცირება. ამ პრობლემის საფუძვლიანი გადაჭრა და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტის და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს საფუძვლიანი მსჯელობა და ვფიქრობ რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის სწორი და ადეკვატური ადგილია და იმედს გამოვთქვამ, რომ ანგარიშის განხილვა პირველ სასესიო კვირაშივე მოხდება.“- განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






