აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებიდან" მიაწოდეს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ არჩევნების შემდგომ, ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლეს.
"მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1 790 თანამშრომელი. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების მასიურ გათავისუფლებასაც, ამ ყოველივეს კი ხშირად გამგებლებთან თათბირი უძღოდა წინ:
"საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 418 რწმუნებული. გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო. ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები. ყველაზე მასიური დათხოვნა ახმეტაში დაფიქსირდა, სადაც "ოპტიმიზაციის" პროცესი 205 თანამშრომელს შეეხო. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, კასპის ბაგა-ბაღებში "ქართული ოცნების" წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრდათ. გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა", – განმარტავენ "სამართლიან არჩევნებში".
როგორც ცნობილია, თანამშრომლების გარკვეულ ჯგუფს, განცხადება გათავისუფლების შესახებ, ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ეჭვი მათი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის ცნობით, გათავისუფლებული თანამშრომლების უმრავლესობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განცხადების დაწერა გათავისუფლების შესახებ ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს.
ორგანიზაცია თვლის, რომ მსგავს ფაქტებს ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ისინი თვითმმართველობებს მოუწოდებენ, კადრების თანამდებობებზე აყვანა და გათავისუფლება მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის სრული დაცვით განხორციელდეს.
მასალის გამოყენების პირობები






