დღესდღეობით ასზე მეტი ჰიპოთეზა არსებობს – მეტეორიტი, კომეტის ნაწილები, ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პატარა შავ ხვრელთან ან ანტიმატერიასთან შეჯახება, გაჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნის ვერსიაც. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე მეტად შეუძლებელი ჩანს – ამ კატასტროფაში დამნაშავეა დედამიწაზე მობინადრე ადამიანი – მეცნიერი, რომელსაც ზოგიერთები უწოდებდნენ მისტიფიკატორს, სხვები – დიდ გამომგონებელსა და ყველა დროის უდიდეს გენიოსს. მისი სახელია ნიკოლა ტესლა.
ხორვატიაში დაბადებული სერბი ნიკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლობდა, მუშაობდა ბუდაპეშტში, პარიზში, პრაღაში, სტრასბურგში და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში. ფაქტობრივად, სწორედ მან შეუწყო ხელი მთელი პლანეტის ელექტრიფიკაციის დაწყებას.
ბავშვობაში ტესლა ხშირად ეფერებოდა კატებს და სიბნელეში ზოგჯერ პატარა გაელვებებს ხედავდა. ის დაინტერესდა ამ ნაპერწკლებით და აუხსნეს, რომ ეს იყო ელექტროობა. ზუსტად იგივე რამ, რაც ბუნებაში ხდება ელვის დროს. ეს ნიშნავს, რომ ბუნებაც კატაა, მაგრამ ვინ ეფერება მას? ღმერთი? რა არის ელექტროობა?
პარადოქსია და ეს ფრაზა ნიკოლა ტესლას ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც ღრმად ჩაწვდა ელექტროენერგიის საიდუმლოებებს და უფრო მეტი იცოდა ამ საკითხზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. დიდი სერბის ცხოვრებას ორი ძირითადი იდეა წარმართავდა: შეექმნა ელექტროენერგიის იაფი წყარო და მოეხერხებინა მისი გადაცემა ნებისმიერ ადგილას სადენების გარეშე.
მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროენერგია შეიძლებოდა გადაცემულიყო მიწის მეშვეობით, სადენებისა და რადიოტალღების გარეშე. ექსპერიმენტები იყო ძალიან ამბიციურიც და ძალიან საშიშიც. ტესლას მიერ ხელოვნურად შექმნილი ელვები სიგრძეში 40 მეტრს აღწევდნენ. ქუხილის ხმა ათეულობით კილომეტრით მოშორებულ ადგილებშიც კი ისმოდა, გადამცემი კოშკის გარშემო დიდი მანათობელი ბურთი ჩნდებოდა.
1901 წელი. ბიზნესმენი ჯონ მორგანი მეცნიერს აფინანსებს რადიოკომუნიკაციის კოშკის ასაგებად, რომლის მეშვეობითაც ისტორიაში პირველად სიგნალი ატლანტის ოკეანის მეორე სანაპიროზე უნდა გადაიცეს. თუმცა ტესლას თავში გაცილებით ამბიციური საიდუმლო გეგმა ტრიალებს – მას გადაწყვეტილი აქვს 5 ასეთი კოშკის აგება, მათი მეშვეობით მთელი მსოფლიო უზრუნველყოფილი იქნება უსადენო კომუნიკაციის სისტემით.
ფაქტობრივად, ტესლა დღევანდელი ინტერნეტის პროტოტიპზე საუბრობდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი მაინც ენერგიის უსადენოდ გადაცემა იყო.
ტესლა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა მისი საყვარელი ძმა დანილო ცხენის ჭენებისას გადმოვარდა და გარდაიცვალა. ეს მისთვის საშინელი დარტყმა იყო, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა ნიკოლას ცხოვრება. დაიწყო გაუსაძლისი კოშმარების სერია, თუმცა ძლიერი ნებისყოფის წყალობით ბიჭმა დაიწყო გონებაში არსებული საშიში სურათების შეცვლა. თავიდან ეს იყო იმ სამყაროს სურათები, რომელშიც ცხოვრობდა, მაგრამ ზოგჯერ მისდა გასაოცრად გონება მისთვის ცნობილ რეალობას სცდებოდა.
– ასე დაიწყო ჩემი გონებრივი მოგზაურობები. თავიდან ეს სუსტი სახით იყო, შემდეგ კი უფრო გარკვევით. ვხედავდი ახალ ადგილებს, ქალაქებს, ქვეყნებს, იქ ვცხოვრობდი, მყავდა მეგობრები, ვხვდებოდი ადამიანებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი ისევე ძვირფასი და რეალური იყვნენ ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრები.
თანამედროვე სწავლულებმა გამოიკვლიეს ეს ფენომენი და რაიმე სახის პათოლოგიად არ ჩაუთვლიათ. ეს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც მის ცხოვრებაში არ ხდება, გადაიყვანოს საკუთარი თავი სხვა რეალობაში, სხვა ეპოქაში. ამ დროს ტვინში აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფეროს წინა და მარცხენა ნახევარსფეროს უკანა ნაწილები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი პირიქითაა. ტესლას თანამედროვეები მას ზეადამიანს უწოდებდნენ. როგორ აკეთებდა ის თავის ცნობილ აღმოჩენებს? აი, რას წერდა მეცნიერი პირველ გამოცდილებაზე:
– ამ პრობლემას რამდენიმე წელი ვებრძოდი. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ვიცოდი, რომ თუ არ მოვაგვარებდი, შეიძლებოდა დავღუპულიყავი. ჩემმა ტვინმა დაძაბულობის პიკს მიაღწია და მოხდა ის, რასაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი – გავიგონე 3 ოთახის მოშორებით მყოფი საათის წიკწიკი, ბუზის მაგიდაზე სიარულის ხმა ჩაქუჩის დარტყმასავით ჩამესმოდა, სიბნელეში ღამურის მგრძნობიარობა მქონდა და შუბლზე გაჩენილი შეგრძნების მეშვეობით ობიექტებს აღვიქვამდი. მზის სხივები ისეთი ძალით მაწვებოდა ტვინზე, რომ ლამის გონებას ვკარგავდი. ახლომახლო ჩავლილი ეტლისგან წამოსული ხმაურისა და ვიბრაციისგან მთელი სხეული მიკანკალებდა. ამ დროს მოულოდნელად დავინახე სინათლის ნაკადი, რომელიც მინიატურულ მზეს ჰგავდა. ამ მომენტში აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. თავში ფიქრები მუდმივად მენაცვლებოდა, ძლივს ვახერხებდი მათ ფიქსირებას.
მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერმა მოახერხა მისი კონტროლი და როცა მოუნდებოდა, მაშინ გამოიწვევდა. როგორც თავად ირწმუნებოდა, შეეძლო მთლიანად გამოეთიშა თავისი ტვინი გარე სამყაროსგან და ამ დროს შინაგანი მხედველობა ჩნდებოდა. ამ გზით ტესლა ახერხებდა თავისი კონსტრუქციების სრულყოფას.
ნიკოლა ტესლა არ იყენებდა მათემატიკურ გამოთვლებს, როგორც ეს დღესაა მიღებული. მას ეს უბრალოდ არ სჭირდებოდა. ტესლას უამისოდაც ესმოდა საგნის დედაარსი. დედააზრი და მოქმედების პრინციპები ყოველთვის მნიშვნელოვანი დეტალები იყო ტესლასთვის. სწორედ მათ აღიქვამდა პირველ რიგში, როდესაც ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში გადადიოდა და ამ გზით სამყაროს სულ სხვა კუთხით ხედავდა, აკვირდებოდა სხვა პოზიციიდან, რაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ. და რადგანაც ჩვეულებრივ მდგომარეობას ისევ მალე უბრუნდებოდა, იმახსოვრებდა მთლიან ინფორმაციას და შემდეგ სხვებს უზიარებდა. ტესლას ცოდნის უცნობი წყარო დღემდე ამოუხსნელი და გამოუკვლევი ფენომენია. ფრაზები „შესანიშნავი ინტუიცია”, „წარმოსახვის დიდი უნარი”, „განათლება” თითქოს დამაკმაყოფილებელ ახსნას არ იძლევა. საიდან ებადებოდა ეს იდეები?
– ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღებია. სამყაროში არსებობს ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ძალას, შთაგონებას. მე ამ ბირთვის საიდუმლოებებში არ შემიღწევია, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს.
ბევრ ადამიანს სჯერა ღმერთის. ზოგისთვის ის იესო ქრისტეა, ზოგისთვის კრიშნა და ალაჰი, ხოლო ზოგიერთებისთვის ეს არის ინფორმაციული სამყარო, რომელმაც იცის ყველაფერი და გრძნობს კიდეც და ეხმარება ყველას, ვინც ცდილობს, სწორად იცხოვროს. ეხმარება ცხოვრების წარმართვაში, მძიმე სიტუაციებში, ასევე მეცნიერულ სფეროში. ტესლას შემოქმედებითი მეთოდი, როგორც ჩანს, ატარებდა იმ აზრს, რომ სამყაროში არსებობს გლობალური ინფორმაციის საცავი, რომელსაც ამჟამად „სამყაროს ენერგო-ინფორმაციულ ველს” უწოდებენ. ტესლამ კი, მისი თქმით, იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ამ წყაროს და მოეპოვებინა საჭირო ინფორმაცია. ის ოცნებობდა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ყველა ადამიანს ჰქონოდა.
ტესლას სურდა, შეექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს უხილავ რეალობაში გადაიყვანდა. მანამდე დაფარული მოვლენის გამოაშკარავება მან მე-19 საუკუნის მიწურულს მოახერხა – ცოცხალი ორგანიზმების სპეფიციკური ველების განათებით მან ხილულად აქცია მათი უხილავი ნაწილი, რომელსაც აურას უწოდებენ.
– ჩვენი არსებობის უდიდესი საიდუმლო ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მისი მეშვეობით შეიძლება დამტკიცდეს, რომ სიკვდილი სულაც არაა დასასრული.
– სახლიდან ორი კვარტლის მოშორებით ვიყავი იქ, სადაც ჩემი ავადმყოფი დედა იწვა. მოულოდნელად დავინახე ღრუბლის გამოსახულება, რომელსაც ანგელოზები ახლდნენ. ერთ-ერთი მათგანი დედაჩემის გარეგნულ ფორმას იღებდა. ამ დროს მოულოდნელად გავაანალიზე, რომ ის ცოცხალი აღარ იყო და ეს სიმართლე აღმოჩნდა.
ტესლას სწამდა, რომ სხეულის სიკვდილის მიუხედავად, ადამიანის სულიერი საწყისი ცოცხალი რჩებოდა და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო.
„ეჭვის გარეშეა, რომ ტესლა ფლობს სულიერების ძალიან მაღალ დონეს”, ამბობდა ინდოელი ფილოსოფოსი სვამი ვივეკანანდა. ის ხშირად სტუმრობდა მეცნიერს ლაბორატორიაში და ამბობდა: „ტესლა ისე ექცევა ელექტროენერგიას, როგორც ცოცხალ არსებას, ესაუბრება და ბრძანებებს აძლევს მას”.
– უამრავმა ადამიანმა ფანტაზიორი მიწოდა, გზააბნეულმა ბრმა მსოფლიომ ჩემს იდეებს დასცინა. დრო განსჯის ყველას.
სერბი მეცნიერი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ოცნებობდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანებს უნდა გამოეყენებინათ დედამიწის ელექტროენერგია და მასში ფული არ ეხადათ, ისევე როგორც არაფერს ვიხდით ჰაერში. ცოტა ხანში ტესლამ გააანალიზა, რომ ეს მოუმწიფებელი და სასტიკი მსოფლიო ადრე თუ გვიან გამოიყენებდა მის აღმოჩენას – ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემას, როგორც მოკვლის საშუალებას.
– ჩემი პროექტი იმაზე მეტად უსწრებდა დროს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ტესლამ შეწყვიტა ვარდენკლიფში ექსპერიმენტების ჩატარება და გაანადგურა ჩანაწერები, რომლებიც აღმოჩენაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა. უნიჭიერესმა მეცნიერმა თავის პიროვნებასთან დაკავშირებით მრავალი ამოუხსნელი საიდუმლო დატოვა. თუმცა ერთი რამ ცხადია: უზარმაზარი მეცნიერული პასუხისმგებლობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ამბიცია.
ნიკოლა ტესლა, როგორც თავად ამბობდა, არ ყოფილა სასწაული ან სხვა სამყაროდან მოგზავნილი მაცნე. ის ერთი ჩვენგანი იყო, რიგითი ადამიანი, რომელიც ისევ და ისევ მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას საუკუნო კითხვებისკენ: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? რატომ? სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი?
მასალის გამოყენების პირობები






