შემთხვევა 24 მარტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს გლდანის საპყრობილესთან, მოქალაქეთა მისაღების წინ მოხდა: ონისე გერგედავამ პროტესტის ორიგინალურ ფორმას მიმართა და აქცია თავად გადაიღო, მოგვიანებით კი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წარწერით: "სოლიდარობა ბაჩო ახალაიას" ატვირთა.
"სოლიდარობა ბაჩო ახალაიას, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! თუ საქართველოს სიყვარული დანაშაულია, მაშინ მეც დამნაშავე ვარ!", - ამ სიტყვებს ამბობს ონისე გერგედავა ვიდეოში მას შემდეგ, რაც ტანზე თაფლს ისვამს.
ონისე გერგედავამ ვიდეოს კომენტარებში დაწერა, რომ აქციას სხავადასხვა უწყების ოფისთან გააგრძელებს: "შესაბამისი ნებართვა მერიიდან უკვე მაქვს", - წერს გერგედავა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახის ნებართვას გულისხმობს.
როგორც ვიდეომასალიდან ჩანს, აქციის მსვლელობის დროს ონისე გერგედავასთვის სამართალდამცველებს ხელი არ შეუშლიათ.
ონისე გერგედავა 1979 წელსაა დაბადებული. ის გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდანაა და ბოლო წლების განმავლობაში სტრასბურგში ცხოვრობდა. მონაწილეობდა საფრანგეტში საქართველოს სახელით მოწყობილ არაერთ აქციაში, ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით. გერგედავა სტრასბურგში 2000 წლიდან ცხოვრობს, საქართველოში კი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
"ნიუპოსტი" გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ონისე გერგედავას მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციას ასახავს:
მასალის გამოყენების პირობები






