აჭარის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია, ამ წუთებში ბათუმში შტორმის სიმძლავრე 5 ბალამდე აღწევს. ძლიერ ღელვას ღამის 11 საათზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოქალაქეებმა დაინახეს, რომ თევზაობის დროს მეთევზე ზღაში გადავარდა და ტალღებმა ჩაითრია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
ქვეითად მოსიარულეთა ბილიკი ძლიერი ღელვის გამო მთლიანად მოიშალა ბათუმის ახალ ბულვარში. როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ჰუსეინ სირაბიძე აცხადებს, ძლიერი ღელვა გამთენიისას დაიწყო და სიმძლავრემ 6 ბალამდე მიაღწია.
დატბორილია სანაპირო ზოლის ახლოს მდებარე ქუჩები, დაზიანებულია ქუჩის საწრეტი მილები, რის გამოც ქუჩებში წყალი დგას. გაძნელებულია ავტომანქანების მიმოსვლა. ძირითადად, დატბორილია ქალაქის ცენტრში მდებარე ქუჩები - რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩები.
სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვა ამ დრომდეც ბათუმის ბულვარის ბილიკებამდე ამოდის.
როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მსგავსი სახის სტიქია ბოლო რვა წლის განმავლობაში ბათუმის ზღვის სანაპიროზე არ დაფიქსირებულა.
სტიქია უტევს აჭარის სხვა რაიონებსაც. ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა. აჭარის მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
მასალის გამოყენების პირობები






