გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროპა მიგრანტების კრიზისის კონტროლს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. ამის შესახებ მერკელმა ქალაქ მაინცში გამართულ ბიზნეს ღონისძიებაზე ისაუბრა.
მერკელის თქმით, ევროპული ვალუტა მთლიანად დამოკიდებულია შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებაზე, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის მიგრანტების კრიზისის ფონზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ თუ საზღვრების კონტროლი ისევ გაგრძელდა, ამის შედეგად ევროპის ბაზარი სერიოზულად იზარალებს.
მისი განცხადებით, გერმანიამ უნდა იბრძოლოს შენგენის ზონაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შენარჩუნებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის გარე საზღვრები უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ დაცული იყოს შენგენის ზონა.
"შენგენის ზონის დაცვის გარეშე ევროზონას ვერ შევინარჩუნებთ" - აღნიშნა კანცლერმა.
შენგენის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი მას შემდეგ დააწესა, რაც მიგრანტების ნაკადმა იმატა.
მასალის გამოყენების პირობები






