არაბული ქვეყნების ლიგამ საუდის არაბეთს ირანთან დაპირისპირებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ საგანგებო სხდომაზე გახდა ცნობილი. კომუნიკეში არაბული ლიგა ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიაზე მომხდარ თავდასხმას გმობს და მას პროვოკაციად აფასებს.
კომუნიკეს მხარი ყველა ქვეყანამ დაუჭირა გარდა ლიბანისა, რომელიც თეირანის მხარდამჭერად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთმა ირანთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა.
თავდასხმას წინ უძღვოდა ერ-რიადში ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტის სიკვდილით დასჯა. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა, რასაც ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2 დღის წინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა. საუდის არაბეთს მხარდაჭერა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვყნებმაც გამოუცხადეს. ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეიმა და სუდანმა გაწყვიტა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კუვეიტმა და ყატარმა კი ირანიდან ელჩი გაიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






