რუბრიკა „პოზიციის“ ფარგლებში წაიკითხავთ შარაშენიძის შეფასებებს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი ძალის შანსებზე.
ინტერვიუდან ასევე გაიგებთ, რატომ უხდის პროფესორი უკრაინას მადლობას და რატომ უწოდებს ის მმართველ ძალას პასიურს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. რატომ ფიქრობს, რომ ,,ქართული ოცნების" ამომრჩეველს ღარიბაშვილისნაირი ლიდერი უნდა და არა კვირიკაშვილისნაირი, რომელიც ,,არ ილანძღება". ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში თორნიკე შარაშენიძე არჩევნებისთვის ოპოზიციისა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ შანსებზეც საუბრობს.
- 2015 წლის ყველაზე ნეგატიურ ფაქტად ეკონომიკური კრიზისი, გაუფასურებული ლარი და ამის ფონზე მძიმე სოცალური ფონი დასახელდა. როგორია თქვენი პროგნოზი 2016 წელს?
- ეკონომიკური ექსპერტებისგან როგორც ვიცი, 2016 წლის ბიუჯეტი შედარებით ნორმალურადაა დაგეგმილი, ამიტომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვის გამო ლარის კურსს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. თუმცა, ეროვნულ ვალუტას ძირს უთხრის ის პრობლემები, რომლებიც 2016-შიც არსად წასულა: ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია, მძიმე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც - ყველა ვალუტა გარბის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა მიბმულია რუსეთზე, აქ კი ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ეს წელი რუსული ეკონომიკისთვის კატასტროფული იქნება, ეს კი ბუნებრივია ჩვენზეც იქონიებს გავლენას.
- ანუ კრემლის განცხადება, ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით მორიგი ტყუილი იყო?
- ეკონომიკურადაც და პოლიტიკურად ეს იყო თავიდანვე ცრუ მოლოდინი, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ნებსმიერ დროს გამოგვიცხადებს ემბარგოს, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ის არ არის ამ ნაბიჯისთვის მზად. ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უნდა მუშაობდეს მოსახლეობასთან, ბიზნეს სექსტორთან, უნდა აუხსნას მათ რა უპირატესობა აქვს ევროპის ბაზარს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სიკეთე, თუმცა ამ მიმართულებით ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავ.
- ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ქართულ-ირანული მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით. გვაქვს თუ არა სახეზე რუსეთის თამაში, რომელშიც ჩართო ირანი? ყველამ კარგად იცის, რომ ირანი მიბმულია გაზპრომთან...
- ირანული აირის გამართულად მიღების პირობა არ არსებობს. როგორც სჩანს, ბუნებრივი აირი სომხეთიდან შემოდის - ანუ შემოდის გაზპრომის გაზი. თუ რატომ კეთდება არჩევანი რუსულ ენერგოგიგანტზე, ამაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი, ყველაზე უწყინარი ვერსიაა, რომელმაც შეიძლება დაგვამშვიდოს. ეს არის ის, რომ ქვეყანას „სოკარის“ გაზი არ ყოფნის. მეორე ვესია კი, არის ყველაზე მძიმე - ნელ-ნელა მიზანმიმართულად ხდება აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება და ქვეყანაში რუსული ინტერესების შემოყვანა ხდება.
- შეგახსენებთ ალიევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „აზერბაიჯანს შეუძლია 100 წლის მერეც გაზით დაიკმაყოფილოს თავიც, მეზობლებიც და ევროპაც“...
-თუ ალიევი მართალია, მაშინ სამწუხაროდ მეორე ვერსიასთან გვაქვს საქმე... ჩემი აზრით, მთავრობამ, რაც არ უნდა მოინდომოს, აზერბაიჯანს ასე მარტივად ვერ ჩახსნის. მაშინ თვითმკვლელი ხელიუფლება უნდა იყოს.
- წინ საარჩევნო წელია, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონზე როგორ აფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელ განცხადებას პრემიერის პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით? მედიაში აქტიურად იწერება და ამაზე ექსპერტებიც საუბრობენ, რომ ეს იყო განაწყენებული ივანიშვილის გადაწყვეტილება... რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილმა მისი ერთგული ღარიბაშვილი უბრალოდ აარიდა 2016 წელს მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას... ერთი სიტყვით, რატომ მოხსნეს ღარიბაშვილი?
- ღარიბაშვილზე ერთგული ბიძინა ივანიშვილს არავინ არ ჰყავდა. ჩემი აზრით, უთანხმოება ბოლო დღეებში მოუვიდათ და საერთოდაც არ იყო სცენარში ღარიბაშვილის გაშვება.
- ეს უთანხმოება, რომელიც პრემიერის მოხსნით დასრულდა ხომ არ უკავშირდება ღარიბაშვილის გართულებულ ურთიერთობას სხვადასხვა ინსტიტუტებთან...
- მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ, ღარიბაშვილის დაპირისპირება პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან პირადად ივანიშვილის მითითებით ხდებოდა. თადაპირველად ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს ფანტასტიური ურთიერთობა ჰქონდათ, ისევე როგორც ღარიბაშვილსა და ალასანიას.
- რატომ კვირიკაშვილი?
- მის დანიშვნაში ლოგიკა ნამდვილად არსებობს, მისი ფიგურა მისაღებია ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, აქვს საგარეო საქმეთა მინისტრობის გამოცდილებაც. თუმცა პოლიტიკური ქარიზმა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია „ქართული ოცნებისთვის“, კვირიკაშვილს ნაკლებად აქვს. კვირიკაშვილი გაწონასწორებულია, არის მშვიდი, არ ილანძღება. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს კი სჭირდება ღარიბაშვილისნაირი ლიდერი, რომელიც ყოყლოჩინობდა და ეს მოსწონდა ამომრჩევლის დიდ ნაწილს, ეს შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ მოსწონდა, თუმცა აშკარად ქარიზმატული თვისებაა. კვირიკაშვილს კი არ უნდა ეს მეთოდი, ამიტომ რამდენად გამოდგება ის არჩევნებისთვის, ეს სხვა საკითხია. კვირიკაშვილი კოალიციური მთავრობის ლიდერი იქნებოდა და არა იმის, რაც სახეზეა.
- შესაძლებელია სწრედ კოალიციური მთავრობის შექმნა სურს ივანიშვილს? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროის კვლევის შედეგებს...
-სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორე. დრო ივანიშვილის სასიკეთოდ არ მუშაობს, თუმცა წყალი არც ნაც. მოძრობის წისქვილზე ისხმევა. მეორე ძალიან ცუდი ტენდენციაც გამოიკვეთა, ხელისუფლება ვერ უმკლავდება ექსტრემალურ სიტუაციას, ქვყანაში მოსულ უხვ ნალექსაც კი, არაფერს ვამბობ 13 ივნისის ტრაგედიაზე. ღმერთმა არ ქნას რაიმე უბედურება დატრიალდეს , თორემ ეს მთავრობა იმაზე ადრე დასრულდება ვიდრე არჩევნებია.
- არჩევნებს შეეხეთ, მინდა გკითხოთ რამდენად არის ოპოზიცია მზად და რამდენად შესწევს უნარი არჩევნების გზით გაისტუმროს „ქართული ოცნებბა“ სახლში?
- აქ ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას, ამისთვის არცერთი პოლიტიკური ძალა მზად არ არის. ალასანიას გაერთიანება პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძლიერი ოპოზიციური ძალა, მაგრამ თავის ამომრჩეველს ვერ გასცდა. ახალი ძალები კი გამოჩნდნენ, თუმცა მათ პოლიტიკურ მომავალზე საუბარი ნაადრევია. ოპოზიციის მთავარი პრობლემა მათი დაქსაქსულობაა.
- ახალი ძალები ახსენეთ, გასულ წელს ცნობილმა საოპერო ბანმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, პრეზენტაციაზე კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. რა შანსები აქვს ბურჭულაძეს და რა შედეგს დადებს ეს გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე პოლიტიკურ ძალად გადაკეთდება?
- ერთია, კარგი პრეზენტაცია აკეთო რედისონში და მეორე, როგორ შეგიძლია ამომრჩეველთან იმ პროგრამის მიტანა, რითაც არჩევნებზე მონაწილეობას აპირებ. საკითხავია, რამდენად ძლიერი იქნება ამ გაერთიანების ლიდერი, რადგან საქართველოში პოლიტიკური ძალის წარმატება მათ ლიდერზეა დამოკიდებული. ბურჭულაძეს უდაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, იქნება თუ არა ის ისეთივე კარგი დებატებზე თუ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
- მოახლოებული არჩევნები და პრეზიდენტის როლი...
- ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი ბოლომდე შეინარჩუნებს დამბალანსებელის როლს. ის დარჩება ბოლომდე აპოლიტიკური.
-ისევ ISIS-ი, ზოგიერთი ექსპერტი კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას გაზაფხულზე აანონსებს? არის თუ არა საფრთხე და რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ?
- საფრთხეები არსებობს, თუმცა ჩემი აზრით პიკმა გადაიარა. "ისლამური სახელმწიფო" ისეთივე ძლიერი ვეღარ არის, როგორიც იყო თუნდაც შარშან. თუმცა ჩვენი სახელმწიფო იმდენად დასუსტებულია, რომ ამ კონსტესტში არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს. შეიძლება, 2001 წლის სცენარი განმეორდეს როცა რუსები ჯარის შემოყვანით გვემუქრებოდნენ, რადგან პანკისში სიტუაციას ვერ ვაკონსტროლებდით. საფრთხეები სერიოზულია და თუ სახელმწიფო არ მოძლიერდა საშიშ ველში შევა.
- რუსეთის გააქტიურებას თუ ელოდებით წინასაარჩევნოდ?
- მაიმედებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ბევრ ფლანგზე იბრძვის და ჩვენთან გაქტიურება ზედმეტი თავის ტკივლია. მადლობა უკრაინას ამისთვის.
- კვლევებმა დაადსტურეს, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები მატულობს. რა შანსები აქვთ მსგავს პარტიებს?
- მათ გაიარეს თავიანთი პიკი და გაჩერდნენ. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით - რუსეთი დასუსტდა. ნაკლები ფული აქვს, პუტინიც დღითიდღე არაპოლულარული ხდება მთელს მსოფლიოში. ამას დაემატა ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც რუსეთმა მხოლოდ იმით უპასუხა, რომ მანაც გაამარტივა ვიზები. პუტინის გადაწყვეტილებას მოსახლეობა რეაქციის გარეშე შეხვდა, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილებაზე.
- ვისი დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციის მიღება?
- უკრაინის. რომ არა ეს ქვეყანა, ჩვენ მიგვივიწყებდნენ. მითუმეტეს მოქმედი მთავრობის პასიური საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით. ბუნებრივია, წინა და მოქმედი მთავრობის დიპლომატების ამაგი დასაფასებელია, თუმცა პოლიტიკურად უკრაინამ გაახსენა ჩვენი თავი ევროპას.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






