ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ერთი საფეხურით დაწიეს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ბელგიის საფრთხეების ანალიზის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე ნოემბერში, პარიზის ტერაქტების შემდეგ დაწესდა. ნოემბრის ბოლოს კი ის მესამე დონემდე შემცრიდა. ახალ წლამდე ბრიუსელში დაკავებების სერია ჩატარდა, 31 დეკემბერს კი, ტერაქტების საფრთხის გამო, ბელგიის დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.
შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 30-მდე პიროვნებაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






