ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ იტყობინება.
გამოცემის თანახმად, ბაჰრეინმა ირანელ დიპლომატებს 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის შემდეგ იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გუშინ, კონფლიქტის ესკალაციის ფონზე განაცხადა. რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა, რასაც ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გუშინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა. AP-ის ცნობით, ირანის დიპლომატიური მისია და მასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურა ქვეყანას 48 საათის განმავლობაში დატოვებს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ადელ ალ-ჯუბეირას განცხადებით, ირანს ქვეყნისთვის საფრთხის შექმნის უფლებას არ მისცემს. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებას აშშ გამოეხმაურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიიტი ღვთისმეტყველის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ერ-რიადის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაამწვავოს. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შიიტებსა და სუნიტებს ესკალაციისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






