„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანია K Water -ის ვიცე პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდს ეწვია. სუ მიანგ კიმი, რომელიც ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ახალი დანიშნულია, საქართველოში ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა.
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრაზე პარტნიორებმა პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. K Water -ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, მშენებლობის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალი წლიდან პროექტის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.
როგორც სუ მიანგ კიმიმ აღნიშნა, მისი კომპანია ამაყობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტში მონაწილეობის გამო და მზად არის წყლის ინფრასტრუქტურის ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში ინტერესები გააფართოვოს. თავის მხრივ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს კონკრეტული პროექტებით დაინტერესება შესთავაზა.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
მასალის გამოყენების პირობები






