დიდი ბრიტანეთის „რელიგიისა და გეოპოლიტის ცენტრის“ ანალიტიკოსების აზრით, სირიაში მოქმედი დაჯგუფებების მესამედი, ანუ დაახლოებით 100 000 მებრძოლი, სრულად იზიარებს „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტურ იდეოლოგიას და მათზე მხოლოდ სამხედრო გამარჯვება არ ამოძირკვავს ჯიჰადიზმისა და ტერორიზმის სენს.
ცენტრში თვლიან, რომ მინიმუმ 15 ორგანიზაცია მზადაა ჩაანაცვლოს „ისლამური სახელმწიფო“, თუ მას საერთაშორისო კოალიციის ძალები საბოლოოდ დაამარცხებენ.
როგორც ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ცხადყოფს, სირიის აჯანყებულთა 60% შეიძლება ისლამისტად ჩაითვალოს. შესაბამისად, მსოფლიოს ლიდერთა მცდელობა, განაცალკევონ ზომიერი და რადიკალ-ექსტრემისტული ოპოზიცია, კრახით დასრულდება. მათი აზრით, მთავარი საფრთხე შესაძლებელია მომდინარეონდეს იმ დაჯგუფებებისაგან, რომლებიც ISIS-ის იდეოლოგიას იზიარებენ, მაგრამ ამჟამად ჩრდილში იმყოფებიან.
„ისინი ამჟამად არ იქცევენ მსოფლიოს ყურადღებას, მაგრამ რეალური საფრთხეს წარმოადგენენ. დასავლეთი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ მთელი ყურადღება ISIS-ზე აქვს გადატანილი. ბრძოლის ველზე გამარჯვება არ აღმოფხვრის გლობალურ ჯიჰადიზმს. ჩვენ ვერ დავბომბავთ იდეოლოგიას, არადა ჩვენი ბრძოლა სწორედ რომ იდეოლოგიურია,“ - ნათქვამია ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
მოხსენების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭეშმარიტი ბრძოლა ექსტრემისტების წინააღმდეგ ინეტლექტუალურ და საღვთისმეტყველო დონეზე უნდა წარმოებდეს.
დოკუმენტის დასასრულს ავტორები ეთანხმებიან დასავლური სახელმწიფოების მისაზრებას, რომ ბაშარ ასადის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში სისხლისღვრის შეჩერება შეუძლებელი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






