მართველი ძალა პუტინის განცხადებას "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს" (ავტ. საქართველოს პრემიერ მინისტრი) უწოდებს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ვიზების გაუქმება „ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემბს მოუხსნის“.
რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაში მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და პუტინი არის საქართველოს მტერი.
„ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მტერი და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მას საქართველოს მოჭარბებული სიყვარულით მოუვიდა. მინდა ვისურვო, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ამ პროცესს დაასწრებს“ - განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, კი საქართველოს პრიორიტეტი დღეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და უმჯობესია, რომ პრემიერი ამაზე იყოს კონცენტრირებული.
„ნიუპოსტმა“ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოსთან მიმართებაში დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს სთხოვა.
ექსპერტი ამბობს, რომ მას, პირადად რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ სჭირდება.
„თუ რუსეთს უნდა სავიზო რეჟიმის გაუქმება, გააუქმებს. მეორე საკითხია, მოხიბლავს თუ არა ამ გზით პუტინი საქართველოს მოსახლეობას. პუტინს აქვს მცდელობა, აფიქრებინოს ქართველ მოსახლეობას, რომ რუსეთი კარგია. რაც შეეხება ზოგადად სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ქვეყანა იზამს ამას, მით უკეთესი. თუ ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, იარონ ევროპაში და რუსეთში ეს კარგია, რადგან ლეგენდები რუსეთის სიკარგეზე უფრო მალე დაიმსხვრევა“- უთხრა „ნიუპოსტს“ ექსპერტმა.
შარაშენიძე თვლს, რომ პუტინის ეს განცხადება საქართველოს იმ მოსახლეობის ნაწილზე იმოქმედებს, ვისაც რუსული ნოსტალგია აქვს და რომელთა პროცენტული მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში დაბალია.
„ახლა, როცა ევროპა აპირებს ვიზალიბერალიზაციას, რუსეთმა ამ ფაქტს ასეთი პრიმიტიული განცხადებით უპასუხა. ომს ამის გამო ვერ გამოგვიცდადებდა, რუსეთი ისედაც ცუდ დღეშია სირიასა და უკრაინაში დაწყებული ომების გამო, ამიტომ პუტინის განცხადება იყო ერთგვარი პასუხი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე“ - თქვა შარაშენიძემ.
მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაქუმება ხიფათის შემცველი არ არის.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, რომ რადგან სავიზო რეჟიმი გაუქმდება, ჩვენი მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს რუსეთზე და იქ გაიქცევა საცხოვრებლად. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი გადაეჩვია რუსეთს, ხოლო ის მცირე ნაწილი, რომელსაც რუსული ნოსტალგია აწუხებს, დღეს ქვეყნის ბედს არ წყვეტს, ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებშია, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია აქვს“- დასძინა „ნიუპოსტთან“ თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას პუტინის კიდევ ერთი განცხადება შეაფასა: "აფხაზმა ოსმა და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობები და რუსეთი ამას მიიღებს"
"როგორ წარმოგიდგენიათ, მოლაპარაკების რა უფლებას მისცემენ რუსები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ ლიდერებს? მინიმუმ, რასაც რუსეთი მოითხოვს, ისიც ყველაზე რბილ შემთხვევაში, იქნება ის, რომ საქართველო იყოს კონფედერაცია, სადაც აფხაზეთსა და ოსეთს ექნებათ ვეტოს უფლება. ბუნებრივია მათ უკან კრემლი იდგება.
თავის დროზე ეს ვარიანტი უკრაინაში იყო. რუსები ამბობდნენ, რომ უკრაინა ყოფილიყო კონფედერაცია და დონბასს ჰქონოდა ვეტოს უფლება. დონბასის თანხმობის გარეშე კი, რომელიც უკანაც რუსეთი დგას, უკრაინა ვერ წავიდოდა ევროკავშირში, ვერც ვერსად.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივას ეხებოდა, პუტინმა განაცხადა, რომ ურთიერთობების გამწვავების მიზეზი რუსეთი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
"რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ" -განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან "სიგნალებს ხედავს" და ამ სიგნალების მისაღებად მზად არის.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს.
"რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ" - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






