ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მასსა და უკრაინის პრემიერს და შს მინისტრს შორის მომხდარ დაპირისპირებას Facebook-ზე გამოეხმაურა. სააკაშვილი სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს: "მე კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან, დღევანდელ რეფორმების რადაზე, პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული საქციელის სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას. ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა სამი კამერით და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე, რომელიც იქ წარმოვთქვი", - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრემიერმინისტრმა იაცენიუკმა თავს მუქარისა და გინების უფლება მისცა. მისი თქმით, პრემიერმინისტრსა და შს მინისტრს პროვოკაცია გამიზნული ჰქონდათ.
„რა მინდა ვუპასუხო პრემიერ მინისტრ იაცენუკს, რომელიც მე „გასტროლიორს“ მიწოდებს, მისი ხელქვეითები კი მომიწოდებენ ქვეყნიდან წავიდე. მე სიამაყით ვატარებ უკრაინის მოქალაქის პასპორტს. ეს პასპორტი არა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი, ეს პასპორტი ჩემი პასუხისმგებლობაა უკრაინელი ხალხის მიმართ. მე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე უკრაინაში. მე არ დავბადებულვარ უკრაინაში , მაგრამ პრაქტიკულად აქ გავიზარდე- საკმაოდ პატარა ასაკში ჩამოვედი აქ. მე ვიყავი აქტიური მონაწილე ორივე მაიდნის... რა მინდა ვთქვა როგორც ადამიანმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობა გააჩნია: მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ და არ მივცემ მათ საშუალებას რომ ისევ ძარცვონ შესანიშნავი, საყვარელი ჩემი უკრაინა.“- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






