,,დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუკი არ მოსწონს ვინმეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, შეუძლიათ ამ მესიჯით მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა...“
პოზიცია - 22:07, 13 Dec, 2015     4327
სახელმწიფო და ეკლესია - აქვს თუ არა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ეკლესიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. რა ურთიერთობა არსებობდა სააკაშვილის მმართველობის პირობებში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის და ჰქონდა თუ არა გავლენა საქართველოს პატრიარქის და სასულიერო პირების ამა თუ იმ მოსაზრებას სახელისუფლო გადაწყვეტილებებზე. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის ,,მოსყიდვას“ ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის არსებობს პრეტენზიები სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომლის დროსაც საგრძნობლად გაიზარდა ეკლესიის დაფინანსება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო კვლევა მიუთითებდა, რომ საზოგადოება ქვეყანაში არსებულ ინსტიტუციებს შორის ყველაზე მეტ ნდობას სწორედ საქართველოს ეკლესიას უცხადებს და ყველაზე მაღალი ნდობის რეიტინგით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლიდერობს.

რატომ ფიქრობს განათლების ყოფილი მინისტრი, რომ ეკლესიას ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც თავისი განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აკისრია სახელმწიფოს წინაშე. დიმიტრი შაშკინს ,,ნიუპოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამის მაგალითად უკრაინა მოჰყავს. ყოფილი მინისტრი საქართველოში ლიბერალების ფრთაზე და მათ პოზიციებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არ შეიძლება ერთი იდეოლოგიის მიმდევართა აზრი იყო მხოლოდ ჭეშმარიტება. ,,რეიგანი ამბობდა: ის კი არ არის პრობლემა ჩვენს ლიბერალ მეგობრებში, რომ არაფერი იციან, იციან მაგრამ არასწორი რაღაცეები.“

_ეკლესია საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თამაშობს ძალიან დიდ როლს. ვინმეს მოსწონს თუ არა, ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, ნახეთ უკრაინა, აშშ, პოლონეთი და ასე შემდეგ.

არაფერი საიდუმლოება ამაში არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო მჭიდრო ურთიერთობა ეკლესიასთან სხვადასხვა საკითხებზე. მე პირადად მქონდა მის უწმინდესობასთან კონტაქტები, როცა ვიყავი სასჯელაღსრულების, განათლების ან თავდაცვის მინისტრი. იგივე თავდაცვის სამინისტროში ეკლესიის როლი, საპატრიარქოს ურთიერთობა ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ყოველდღე სიკვდილს უყურებენ თვალებში და მათთვის იგივე კაპელანების ინსტიტუტი და იგივე ეკლესიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აქვე ისიც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ზღვარი და გაყოფა ეკლესიასა და სახელმწიფო შორის დაიცვას. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმოდა და ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა და კარგად ესმოდა თავად კათალიკოს-პატრიარქსაც.

_საზოგადოების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ეკლესია აქტიურად ერევა და ერეოდა სახელმწიფოს საქმიანობაში, ერთგვარი მითითებებითაც კი...

_თუ თქვენ იმას მეკითხებით, რომ იყო თუ არა ჩარევა, მე არ ვიტყვი რომ იყო ჩარევა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პატრიარქიც და სასულიერო პირებიც არიან ადამიანები. პატრიარქი არ არის იურისტი და ის არ უყურებს ყველა საკითხს ამ თვალსაზრისით. მე როგორც მინისტრი, როცა ვგრძნობდი, რომ კონკრეტული შემოთავაზება გადიოდა ჩვენი ურთიერთობების ჩარჩოებიდან, მე მეშინვე ვუხსნიდი მის უწმინდესობას და ის ამას ყოველთვის ღიად და კარგად იღებდა. პატრიარქს ესა თუ ის ადამიანები აწვდიან ინფორმაციას და ნუ გამორიცხავთ, რომ ზოგიერთ მათგანს ამოძრავებს კონკრეტული ინტერესები და ა.შ. ამიტომ დიალოგი ყოველთვის იყო აუცილებელი. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ეს ურთიერთობები ვინმეს მოსწონს თუ არა, იყო და იქნება ყოველთვის როგორ საქრთველოში, ასევე უკრაინაში და სხვაგან, ასეთივე ურთიერთობაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის. უნდა გვესმოდეს, რომ რელიგია თამაშობს ძალიან დიდ როლს საზოგადოების განვითარებაში, ეს არის რეალობა. მაგრამ კარგი მთავრობის თვისება არის ის, რომ ეს ურთიერთობა არ გავიდეს იმ ჩარჩოებიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს გამიჯნული.

ეკლესიამ შეიძლება წამოწიოს საკითხი, მაგალითად როგორიც იყო სულ ახლახანს შეწყალების საკითხი, მთავრობის როლი არის ის, რომ აუხსნას, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა საპატრიარქოსთან. ძალიან ბევრი საკითხი იყო მოგვარებული და იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ინსტიტუციების მიერ ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად.

_თქვენ ახსენეთ, რომ ხშირ შემთხვევაში თუკი ესა თუ ის საკითხი არ ჯდებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ჩარჩოებში, უხსნიდით ეკლესიის წარმომადგენლებს და ცდილობით მათ დარწმუნებას. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ფაქტი ამ ურთიერთობებიდან თუნდაც თქვენი განათლების მინისტრობის პერიოდში. სწორედ განათლების სისტემაში ჩარევაზე და გარკვეული მითითებების მიცემაზეც არსებობს დღეს პრეტენზიები.

_მე შემიძლია ერთი ძალიან კარგი მაგალითი მოგიყვანოთ. მქონდა შეხვედრა პატრიარქთან და მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, რომ იქნებ სკოლებში გაძლიერდეს სასულიერო პირების როლი და კონკრეტულად იყო თხოვნა, რომ მოძღვრებს ჩაეტარებინათ მოსწავლეებისთვის გაკვეთილები. საკითხი ეხებოდა რელიგიურ სწავლებას, ზნეობას და ა.შ. მე მაშინ ავუხსენი პატრიარქს და მან ძალიან კარგად დაინახა პოტენციური პრობლემები, რომელიც შესაძლოა მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას. მაგალითად, მე ვკითხე მაშინ მის უწმინდესობას, რომ რამდენი შეიძლება იყოს ისეთი მღვდელმსხური, რომელიც შეძლებს ბავშვებთან ასეთ თემებზე საუბარს. ძალიან მცირე რაოდენობა იყო დასახელებული და ამ დიალოგის ფორმატში ყველამ დავინახეთ, რომ ეს შესაძლოა მეტი პრობლემის მომტანი ყოფილიყო. ანუ ასეთი თემები იყო.

_სასჯელაღსრულებაში თუ იყო მსგავსი მაგალითები?

_იგივე სასჯელაღსრულებაშიც იყო, თუმცა ჩვენ ვმსჯელობდით და პოზიციებს ვუზიარებდით. ბუნებრივია, რომ პატრიარქის პოზიცია მსჯავრდებულების მიმართ იყო ყოველთვის ლოიალური, ეს გასაგებიცაა და ხშირად ის საუბრობდა იგივე შეწყალებაზე. მაგრამ ამავდროულად აქ დგება სახელმწიფოს როლი. ჩვენ პატრიარქს ვუხსნიდით, თუ რა უფრო სასარგებლო იქნებოდა სახელმწიფოსთვის.

_არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რაც ეხება საქართველოში არსებულ სხვა კონფესიებს. იგივე სასჯელაღსრულების ან განათლების სიტემაში იყო თუ არა გათვალისწინებული მათი ინტერესები, ჩვენ გვყავს მუსლიმები, იუდეველები, კათოლიკები...

_მე მაქვს ინფორმაცია სხვა კონფესიებისგან. პირველად, ვინც ამის შესახებ მომიყვა, მაშინ გახლდით სასჯელაღსრულების მინისტრი, იყო საპატრიარქო. სწორედ ეგ შეკითხვა დავუსვი მაშინ მეუფე თეოდორეს, რომელიც იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩვენთან ურთიერთობებში. როგორც მე ვიცი, საპატრიარქოს აქვს საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა სხვა კონფესიებთან და ისინი არიან შეთანხმებული იმაზე, რომ საპატრიარქოსთან სხვადასხვა საკითხებს სახელწმიფოს ჩარევის გარეშე ალაგებენ.

_რაც შეეხება ქონების დაბრუნებას. არსებობს პრეტენზიები სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომ თქვენი მმართველობის პირობებში დიდძალი ქონება იქნა გადაცემული ეკლესიისთვის. რატომ იყო უპირატეს მდგომარეობაში ქართული ეკლესია და რატომ არ ხდებოდა იგივე სხვა კონფესიებთან მიმართებაში?

_თუ ვინმე სვავს კითხვას, რატომ მოხდა უფრო მეტი ქონების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუცია საქართველოში და ჩვეულებრივი მათემატიკური მოცულობებით ბევრად მეტი იქნებოდა დაბრუნებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შენდებოდა მეჩეთებიც და საკმაოდ ტოლერანტული იყო ურთიერთობა. ეს პრობლემები ცხრა წლის განმავლობაში არ იდგა. ასეთი შიდა პრობლემები კონფესიებს შორის, სამწუხაროდ, იქმნება ან ხელისუფლების უსუსურობით ან პროვოცირებით ან შეცდომებით. ჩვენ არცერთი მათგანი არ გვქონდა.

_უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება - კონკორდატი. სეკულარულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს თუ არა ასეთი შეთანხმება?

_ჩემი, როგორც იურისტის აზრით, ასეთი შეთანხმება მნიშვნელოვანია და მრავალ პრობლემას აგვარებს. კიდევ გეუბნებით, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ქართული სახელმწიფოს წინაშე ეკლესიის როლი არის ძალიან დიდი და ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა არის მაღალი. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვმოქმდებთ და ვიმოქმედებთ მომავალშიც. აქედან გამომდინარე გარკევული ჩარჩო ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ამ ურთიერთობებში იყო მკვეთრად გაყოფილი ხაზი - ეკლესია არ ერევა სახელწმიფოს საქმიანობაში და შესაბამისად, სახელწმიფო არ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში.

_პირდაპირ გკითხავთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უპირატესი როლი იმ კონფესიას, რომელიც საქართველოში არის უმრავლესობაში. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ეკლესიის ისტორიული როლი არაფერს ნიშნავს და რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა აღმსარებლობა უნდა იყო თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში არსებობს კრიტიკა კონკორდატის მიმართ.

_საქართველო არის მრავალფეროვანი სახელმწიფო. აქ საუკუნეების განმავლობაში ძალიან კონფორტულად გრძნობდნენ თავს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. მე ვთვლი, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია. ამიტომ სახელწმიფო უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს. მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხავ კონფესიების ურთიერთობას სახელმწიფომ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს და არასწორი ნაბიჯებით პირიქით არ უნდა დააზიანოს მათი ურთიერთობა. ცხრა წლის განმავლობაში ვერავინ გაიხსენებს პრობლემას მაგალითად მართლმადიდებელ და მუსულმანურ კონფესიებს შორის, რადგან სახელმწიფო იყო თავის სიმაღლეზე და მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გვესმის ჩვენ პრობლემები. ყველას გვახსოვს ფაქტი როცა დაანგრიეს ერთ-ერთ რაიონში აშენებული მეჩეთის ნაწილი. ასეთი უგუნური ფაქტებით სახელმწიფო აზიანებს ამ ურთიერთობებს. 4 წლის მანძლზე, რაც მე ურთიერთობა მქონდა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, არცერთხელ არ ყოფილა პრობლემა დაყენებული ჩემს წინაშე საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებაში. ამ თემას, ვფიქრობ, რომ ართულებენ.

_რას ნიშნავს ართულებენ, რას გულისხმობთ?

_არის მოცემულობა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თამაშობს დიდ როლს ჩვენს საზოგადოებაში. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მოუწევს ამ რეალობიდან გამომდინარე მოქმედება. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება. თუ ვინმეს არ მოსწონს ასეთი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა - ანუ ჩარჩოებში მოქცეული, როცა ეკლესია და სახლმწიფო ერთმანეთის საქმიანობაში არ ერევა - თუკი არ მოსწონთ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მარტივია, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ამ მესიჯით და თუ მოიგებ, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ამას ითხოვს და შენს მხარესაა.

_თქვენ ეს უკეთ იცით... წლების მანძილზე იყავით IRI-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში და ყველა თქვენს მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებდა, რომ ქართულ ეკლესიას დღემდე აქვს ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოების... ანუ ამბობთ, რომ თავად საზოგადოება მიუთითებს ამაზე?

_მე ვამბობ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობა უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ინტერესებს, ეს არის დემოკრატიის პრინციპი. კონსენსუსი არის საზოგადოებაში, რომ უნდა იყოს მკაფიო გაყოფა ეკლესიასა და სახელწმიფოს შორის. ამისთვის არსებობს მთავრობა და საპატარიარქო რომ დაიცვან ეს პრინციპი. მაგრამ, მე ვამბობ, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ უნდა არსებობდეს საერთოდ ურთიერთობები ეკლესიასთან და არსებობს მოთხოვნილება სხვანაირი ურთიერთობების, მაშინ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ამ ლოზუნგით და გამოჩნდება ნდობას გამოუცხადებს თუ არა საზოგადოება. ეს ეხება ყველა უკიდურესობას - იქნება ის სეკულარული სახელწმიფოს მომხრე, არასეკულარულის თუ თეოკრატიულის.

_თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეკლესიის და ზოგადად რელიგიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში?

_ეკლესია, განსაკუთრებით რთულ პერიოდში, არის ერის და ქვეყნის გამაერთიანებელი. ეს არის რეალობა. ნებისმიერი რელიგია ძალიან დიდ როლს თამაშობს. რასაც ახლა უკრაინის პატრიარქი აკეთებს არის უდიდესი მნიშვნელობის, ერის გამაერთიანებელი ფუნქცია აიღო მან. ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც ჩვენი ეკლესია აკეთებდა ბოლო ათწლეულების და ზოგადად ისტორიის მანძილზე ერის გაერთიანების თვალსაზრისით.

მცდელობა საპატრიარქოს და ხელისუფლების მხრიდანაც ერთმანეთის საქმიანობის ჩარევაში შესაძლოა იყოს, მაგრამ ზუსტად ამისთვის არსებობს მთავრობა, რომ შეძლოს ურთიერთობის საფუძველზე იყოს გადაწყვეტილი.

მაგალთს მოგიყვანთ, განათლების სისტემას ეხებოდა. დიდ ხნის განმავლობაში იდგა საკითხი, რომ სემინარიას არ ჰქონდა იურიდიული სტატუსი და მე მომიწია დიდხანს კამათი ზოგ დეპუტატთან, რომ სემინარიის იურიდიული სტატუსით არანაირი უფლებამოსიელბების გამიჯვნა არ დაირღვევა და დღეს ეს ფაქტია. სახელწმიო აღიარებს სემინარიის მიერ გაცემულ დიპლომებს და ამდენი წელი არაფერი ცუდი არ მომხდარა. იყო საუბრები, რომ თუ ჩვენ ამ დიპლომებს ვაღიარებთ, დაირღვევა კონკორდატი, მაშინ ბევრი მოინდომებს იქ ჩაბარებას და მერე იქიდან სხვა უნივერსიტეტებში გადასვლას... ეს ყველაფერი იყო შეთქმულების თეორიები. ამავდროულად იყო შემთხვევები, როცა საპატრიარქოს წარმოამდგენლები ითხოვდნენ იმას, რაც შეუძლებელი იყო და შესაბამისად, ვუხსნიდით თუ რატომ ვერ და არ განხორციელდებოდა. გინახავთ სადმე, რომ კონფრონტაციის რეჟიმი ყოფილიყო?

_თითქოს ბოლო წლებში უფრო იჩინა თავი...

_ბოლო პერიოდში გაჩნდა ზუსტად იმის გამო, რომ მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ეკლესიის ძალიან მაღალი რეიტინგი და ეკლესიის ავტორიტეტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ის, რაც მოხდა შეწყალებასთან დაკავშირებით, იყო გამოყენებული არა საპატრიარქოსთან დიალოგისთვის, აეხსნათ რა მოჰყვებოდა ამას, რომ სისტემა ასე არ მუშაობს და ეს დაუშვებელია სახელმწიფოსთვის, არამედ გამოყენებული იყო პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად და შემდეგ, თუ ეს კანონპროექტი გაჩერდებოდა დაებრალებინათ სხვა პოლიტიკური ძალისთვის.

_თქვენ ახსენეთ, რომ სასულიერო სემინარიასთან დაკავშირებით იყო შიდა კამათი მთავრობისა და გუნდის წევრებს შორის. აქვე მინდა გკითხოთ, არსებობდა ინფორმაცია, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში, გუნდის ლიბერალური ფრთა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა გუნდშივე მყოფ მეორე ფრთას, პირობითად უფრო კონსერვატული ფრთა რომ დავარქვათ, თუნდაც იგივე ეკლესიისთვის ბიუჯეტის გაზრდის, მათ შორის ბევრ ისეთ საკითხში, რომელშიც უფრო მეტ დისტანცირებას ითხოვდნენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით. მათ შორის არსებობდა პრეტენზიები სააკაშვილის მისამართითაც...

_ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, მაშინ ჩვენ იდეოლოგიურ სხვაობებს უნდა შევეხოთ და ცოტა არ იყოს ფილოსფიურ წიაღსვლებში გადავალთ და დიდ დროს წაიღებს. მაშინ შევეცდები ძალიან მოკლედ გიპასუხოთ და ადამიანურ და არა ფილოსოფოსების ენაზე. თქვენ ახსენეთ ლიბარალური ფრთა. მოდით ვთქვათ ვინ არიან ლიბერალები? ლიბერალიზმი შეიქმნა საუკუნეების წინ და მთავარი მესიჯი, რაც აქვთ არის ადამიანის პირადი თავისუფლება. ადამიანის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება რაიმე დოზით ის იყოს შეზღუდული. ლიბერალიზმი წამოვიდა მაშინ, როცა მონარქიული სახელმწიფოები არსებობდა და ამ ლოზუნგებით დაიწყეს ბრძლა. 21-ე საუკუნეში თითქმის ყველა იდეოლოგია ამ ფასეულობებს აღიარებს.

_თუმცა ადამიანის თავისუფლება, პიროვნების თავისუფალი ნება არა ლიბერალების, არამედ ქრისტიანობის მთავარი ღირებულებაა...

_აქ ცოტა სხვაგვარად არის საქმე. ლიბერალები თვლიან, რომ ადამიანმა თავად უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა და სახელმწიფოს ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ლიბერალებს და სხვა იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების პროცესი. მაგალითად შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტის რეიგანის სიტყვებს, დაახლოებით ციტირებას გავაკეთებ - ის კი არ არის პრობლემა ჩვენს ლიბერალ მეგობრებში, რომ არაფერი იციან, იციან მაგრამ არასწორი რაღაცეები. იდეოლოგიური დაპირისპირება არსებობს ყველგან და ბუნებრივია, საქართველოშიც. ეს არ არის საქართველოს პრობლემა. ლიბერალური ჯგუფები იკეტებიან და აგრესიას გამოხატავენ იმ თავისივე მეგობრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლომდე არ იზიარებენ მათ პოზიციებს. მაგალითად, ნეოკონსერვატორები ძალიან ახლოს დგანან ლიბერალებთან, იზიარებენ იგივე ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპს, პირადი თავისუფლებების მნიშვნელობა, მაგრამ ამავდროულად ნეოკონსერვატორები ამბობენ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირებას, სახელმწიფოს და ადამიანის ბუნებაა ასეთი. როდესაც საზოგადოება თვითონ ვერ ალაგებს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს. ლიბერალები ამას არ ეთანხმებიან, განსაკუთრებით ულტრალიბერალები, მათი ამოცანა არის, რომ ვაკეთებ და მჯერა რომ ასეა და თუ არ გამოდის, მაშინ არ უნდა ვცადო ამის შეცვლა, არ მაინტერესებს საზოგადოება ამას იღებს თუ არა, მე ვთვლი, რომ ასე სწორია! ულტრალიბერალები ძალიან აგრესიულად იცავენ ამ პოზიციას. საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ძალიან ბევრი ლიბერალური რეფორმა იქნა ჩატარებული, რომელმაც საუკეთესოდ იმუშავა, განსაკუთრებით ეკონომიკაში. მაგრამ იყო გამონაკლისებიც, მაგალითად, ლიბერალური რეფორმა, რომელიც იქნა ჩატარებული განათლების სისტემაში, ითვალსიწინებდა სახელმძღვანელოების შეცვლას, რაც აბსოლუტურად სწორია. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, ვინც უნდა დაწეროს და შემდგენ სკოლებმა გადაწყვიტონ, რომელი სახელმძღვანელოთი ისარგებლებენ. ამ ვითარებაში ბაზარი თავად არეგულირებს. მაგრამ მოხდა რა, აბსოლუტურად სწორი იდეა დაეჯახა ვიღაცეები კორუმპირებულ ინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ სკოლის ზოგიერთ დირექტორს აერჩია საუკეთესო სახელმძღვანელო, შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში გამომცემლებთან და ირჩევდნენ მათ, ვინც მეტ ბენეფისს მისცემდა. თუ ჩვენ წავიდოდით ამ ულტრალიბერალური მიდგომით, მაშინ ამ პროცესზე თვალი უნდა დაგვეხუჭა და გვეთქვა, რომ შეიძლება 20-30 წელიწადში ეს მოგვერდეს, ან უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო და პროცესი შეგვეჩერებინა. ჩვენ წავედით მეორე გზით და მე მომიწია ამის მტკიცება. ძალიან საშიშია ის, რომ ლიბერალები იკეტებიან თავიანთ წრეში და თუკი მათივე წრეში არსებობს განსხვავებული მოსაზრება, ამას არ იღებენ.

თუ თქვენ გადახედავთ მსოფლიო გამოცდილებას, ნახავთ, რომ ლიბერალები სახელმწიფოს მართვაში 100%-ით არ მონაწილეობენ. ძალიან ხშირად, ისინი 80% ქადაგებენ სწორ იდეებს და მათი განხორციელება მნიშვნელოვანია, ეს აჩვენა საქართველომაც, როგორც გითხარით, მაგრამ იმის გამო, რომ დარჩენილი 20% ეჯახება არსებულ მოცემულობებს, რომელიც სახელმწიფოში არსებობს და რომლის შეცვლაც ვერ ხორციელდება, ლიბერალები იწყებენ კონფრონტაციულ რეჟიმში გადასვლას მათი აზრის მოწინააღმდეგეებთან და საბოლოო ჯამში, 80% სწორი რეფორმებისა წყალში იყრება. ნეოკონსერვატორები ლიბერალებს სთავაზობენ კონკრეტულ გამოსავალს, რომ რეფორმებმა იმუშაოს. საქართველოში იდეოლოგიების გავრცელება და გაგება საზოგადოების მხრიდან არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. რასაც მე ვხედავ არის ის, რომ ლიბერალური ჯგუფები სხვა მოძმე იდეოლოგიებს აკრიტიკებენ ნაცვლად იმისა, რომ ერთად იყვნენ და კონრეტული მიდგომები და გზები ერთად განახორციელონ და ებრძოლონ სოციალიზმს.

იმიტომ რომ შენ მარტო ამისი გჯერა, ეს არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება. უნდა გვესმოდეს, რომ სამყარო არ არის შავ-თეთრი და როცა ლიბერალიზმი ქადაგებს ადამიანს როგორც პრიორიტეტს, აქედან უნდა ამოვდიოდეთ, რომ ეს უნდა იყოს ისევ ხალხისთვის და არა ხალხი იდოლოგიისთვის. წარმატებული ლიბერალური რეფორმა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყო ძლიერი. თუ არ არსებობს სახელმწიფოს მკაფიო პოლიტიკური ნება, ამ რეფორმებს ვერ განახორციელებ. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო საქართველოში ძლიერი პრეზიდენტი სააკაშვილი და ძლიერი მთავრობა, ლიბერალური რეფორმები ვერ განხორციელდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42