„რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რუსეთთან დიალოგისთვის ყველა შესაძლებლობების შეფასებას ვცდილობთ. ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც სრულფასოვანი თანამედროვე სახელმწიფო, თუმცა ჩვენი მოთმინებაც არ არის უსაზღვრო “ განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეკომპანია NTV-თან ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება იყო მოვლენა, რომელიც თურქეთს არ სურდა, თუმცა ვინაიდან რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია, ქმედებაც შესაბამისი იყო.
შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა. ამავდროულად, რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა, რომელიც ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა.
რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






