,,ჩვენ გვსურს, ვიბრძოლოთ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, თუ რა მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურში გუშინ, 2013 წლის 19 მარტს.13: 00 საათი იქნებოდა, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე იმედო არჯევანიძე ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე კერესელიძემ დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან იყო გათავისუფლებული. იმედოზე სრულიად განყოფილებას ერთხმად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს. სულ იმას ვამბობთ, რომ ძნელად თუ შეგვხვედრია ადამიანი, რომელიც ესოდენ კომპეტენტურია და ამავე დროს თითოეული გუნდის წევრის უსაყვარლესი ადამიანი.
გათავისუფლებული იმედოს მიერ მშვიდი სახით გახმოვანებული სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა ძალიან ემოციური იყო თითოეული ჩვენგანისათვის. ერთხმად გადავწყვიტეთ ავსულიყავით სააგენტოს თავმჯდომარესთან და მისგან გაგვეგო ის მიზეზი, თუ რატომ გაათავისუფლეს იმედო არჯევანიძე სამსახურიდან.
სამსახურის სრული შემადგენლობა ავიდა იუსტიციის სახლის მე-3 სართულზე, ეკატერინე კერესელიძის სამუშაო კაბინეტთან. მდივანს ვთხოვეთ, ნება დაერთო, დავლაპარაკებოდით ქ-ნ ეკას. პასუხი უარყოფითი იყო. ატყდა ,,ჩოჩქოლი“, გამოვიდა ქ-ნ თავმჯდომარე და გვითხრა ,,რა ჩოჩქოლიაო?!“. ჩვენ პასუხი მოვთხოვეთ. ძირითადად მუხრანი საუბრობდა (მუხრან ბურჭულაძე, აწ უკვე გათავისუფლებული თანამშრომელი) ყველას სახელით. თავმჯდომარემ ჰკითხა ,,თქვენ ხელმძღვანელობთ ამ ყველაფერსო“, რაზეც ერთხმად მიიღო ჩვენგან პასუხი, რომ ყველანი ერთსულოვანნი ვიყავით, უბრალოდ მუხრანი საუბრობდა ჩვენი სახლითაც.
ჯერ კიდევ თავმჯომარის კაბინეტის მოსაცდელში ვიყავით ყველანი, როდესაც მანანა ნატროშვილი შევიდა თავმჯდომარის კაბინეტში ამ უკანასკნელის მოთხოვნით... მასაც განუცხადეს, რომ განთავისუფლებული იყო სამსახურიდან.
გაუშვეს ეს ადამიანები (საუბარია იმედოზე და მანანაზე) ყოვეგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე.თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ ,,ამის შესაძლებლობას შრომის კოდექსი იძლევა“ - ოხ, ავად სახსენებელო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტო, ისევ მოქმედი ხარ?!
თავმჯდომარემ მოგვიწოდა ყველას დავბრუნებოდით ჩვენს სამუშაო ადგილებს. მივხვდით, რომ ვერაფერს გავაწყობდით და დავბრუნდით.
დაახლოებით 5 წუთში მუხო (მუხრან ბურჭულაძე) დაიბარა... უთხრა, რომ განთავისუფლებული იყო....
ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა! აღარ ვიცოდით პროტესტი რა ფომით გამოგვეხატა. ბევრი იდეა გაჟღერდა. ბოლოს გადავწყვიტეთ უბრალოდ გაფიცვა. ჩვენს ხომ იურისტები ვართ და ჩვენი კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებითა და შრომის კოდექსით განსაზღვრული გაფიცვის უფლება გამოგვეყენებინა.
შევიმუშავეთ ერთობლივი განცხადება და შრომის კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადავწყვიტეთ სამი დღით ადრე გაგვეფრთხილებინა დამსაქმებელი.
საბოლოოდ ამგვარ პროტესტზეც უარი ვთქვით ... რატომ არც კი ვიცით?!
9 საათიანი კურიერის მთავარი გმირი მუხრან ბურჭულაძე იყო. ყველანი ველოდით, რას იტყოდა იუსტიციის სამინისტრო. მინისტრის მოადგილის განცხადება ამგვარი იყო ... (გადადით ლინკზე: http://info9.ge/?l=G&m=1000&id=15379 )
გაცხადებული აშკარა შეუსაბამობაში თითოეული ჩვენგანის თავს გადამხდარ ამბავთან. ყველანი ვთანხმდებით, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. რიგითობა იყო ამგვარი:
- იმედო,
- მანანა,
- მუხრანი...
იმედო და მანანა გვთხოვდა: ,,ხალხო დაწყნარდით, არავითარ პროტესტს აზრი არ აქვსო“ .... იუსტიციის სამინისტროსგან კი გაფიცვისაკენ მომწოდებლების სტატუსი მიიღეს ...
ამასთანავე არავითარი გამოსაცდელი ვადა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მანანასა და იმედოს არ მისცემია. ეს სიცრუეა. ან კიდევ ვინ მისცა იუსტიციის მინისტრს ამის უფლება?! სააგენოს დებულების შესაბამისად ხომ მხოლოდ იმედო არჯევანიძის გათავისუფლება უნდა შეთანხმებულიყო მინისტრთან, ხოლო მანანა ნატროშვილი იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო და წესით იუსტიციის მინისტრი მისი გათავისუფელბის შესახებ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით პოლიტკურ პროცესებს.
მუხრანი ჩვენი მეგობარია და ყველანი მხარში ვუდგავართ, თუმცა მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებთ და ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვთ, არ მისცეს ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი.
იურიდიული განყოფილების ყველა თანამშრომელი ერთხმად ადასტურებს, რომ 100% ვართ მანანას, მუხოსა და იმედოს მიმართ სოლიდარულები.
მიგვაჩნია, რომ იმედო არჯევანიძის, მანანა ნატროშვილისა და მუხრან ბურჭულაძის გათავისუფლება იყო უკანონო და უსამართლო.
ეს იყო ყველაზე ცუდი დღე საჯარო რეესტრის თანამშრომლების სამუშაო ცხოვრებაში!"_ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






