ჭარბწონიან ადამიანებს თავდაცვით არსენალში აქვთ ასეთი ფრაზა - „ვერ ვხვდები, რატომ ვერ ვიკლებ წონაში, მე ხომ ფაქტიურად არაფერს ვჭამ!“ ამ ფრაზაზე ადამიანებს როგორც წესი, პასუხი არ გააჩნიათ, ისინი უბრალოდ გულში სხვას ფიქრობენ, რასაც არასდროს ამბობენ - „ჰმ, არაფერს ჭამს, არა და ალბათ მთელი მაღაზიის პროდუქტს ჭამს ერთ ჯერზე“.
თუმცა, როგორც ებრაელი ექიმები, რომლებმაც სპეციალური ექსპერიმენტი დიდ ბრიტანეთში ჩაატარეს, აცხადებენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანთა 2/3 შესაძლოა არ იტყუება.
ექიმებმა დაადგინეს, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ერთიდაიგივე საჭმელზე (მათ შორის ჯანსაღ და დიეტურ საკვებზეც). მათ გამოკვლევა ჩაატარეს 800 ადამიანზე, რომელთაგან უმეტესობა ჭარბწონიანი იყო. ექსპერიმენტის მონაწილეებს ექიმები ერთი კვირის მანძილზე ერთიდაიგივე საკვებს აძლევდნენ და ყოველდღიურად ზომავდნენ მათ სისხლში გლუკოზის დონეს. გაირკვა, რომ ზოგიერთზესუპერკალორიული საჭმელიც კი არ ახდენდა საგრძნობ ზემოქმედებას, ხოლო ერთ ქალბატონს ჩვეულებრივი პომიდორის მიღებისას გლუკოზის რაოდენობა სისხლში იგივე ოდენობით ეზრდებოდა, როგორც ტკილეულის მირთმევისას.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მეტაბოლიზმში ამგვარი სხვაობა აიხსნება ჩვენს კუჭში არსებული მიკლოფლორის სხვადასხვა შემადგენლობით, ანუ მიკრობიომით და აცხადებენ, რომ საფუძვლიანად უნდა გადიხედოს დიეტისა და გახდომისადმი მიდგომები, რადგან ეს მიკრობიომი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს.
უნებლიეთ შეიძლება გაგახსენდეთ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ენერგიულად იკვებებიან, მაგრამ წონაში არ იმატებენ, ან მატება ძალიან უმნიშვნელო და შეუმჩნეველია.
მიკრობიომი არის კომენსალური, სიმბიოზური და პათოგენური მიკროორგანიზმების ეკოლოგიური ერთობა, რომელიც ყალიბდება ჩვენი სხეულის სივრცეში.
მიკრობიომის შესახებ თანამედროვე ექიმები სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ ამავე დროს აღიარებენ, რომ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან. მაგალითისთვის გამოდგება გასტრისტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კიბოს გამომწვევი ბაქტერია - helicobacter pylori, რომლის აღმოჩენაშიც ორმა მეცნიერმა მარშალმა და უორენმა რამდენიმე წლის წინ ნობელის პრემიაც კი მიიღო. ეს ბაქტერია დედამიწის მოსახლეობის 2/3-ს აქვს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არანაირი დაავადება ემართებათ ამის გამო. ითვლება, რომ თუ ეს ბაქტერიები გაქრება ორგანიზმიდან, ადამიანი სრულად განიკურნება აღნიშნული დაავადებისაგან (რაც მოხდა კიდევაც ნობელიანტი მეცნიერების მიერ წარმოდგენილ შემთხვევაში), მაგრამ ყველა ორგანიზმი მკურნალობაზე ერთნაირად არ რეაგირებს და helicobacter pylori არ ქრება ორგანიზმიდან. მეტიც, ხშირად მისი გაქრობა სხვა დაავადებებსაც იწვევს.
შესაბამისად მიკრობიომი ჯერჯერობით არ არის ბოლომდე შესწავლილი. არსებობს მოსაზრება, რომ მიკრობიომი რასის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი განსხვავდება.
აღმოჩენილია ასევე, რომ განსხვავდება არამარტო სხვადასხვა ადამიანის მიკრობიომი, არამედ ის იცვლება ეროვნული სამზარეულოს თავისებურებების მიხედვითაც. ასე, რომ არ არის გასაკვირი, თუ ერთი და იგივე დიეტაზე ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.
დავუბრუნდეთ აღნიშნულ ექსპერიმენტს. რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთის ჭარბწონიანთა 2/3 ვერ ახერხებს გახდომას არა იმიტომ, რომ ბევრს ჭამს, არამედ მათ ორგანიზმში, არასწორი კვების გამო, უბრალოდ გაქრა ის სასარგებლო მიკრობები, რომლებიც საკვების გადამუშავებასთან ერთად აკონტროლებენ როგორ და რა რაოდენობით ვითვისებთ ჩვენ კალორიებს.
გაირკვა ასევე, რომ რადგან სიმსუქნის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანის მიკრობიომზე, გამხდარ ადამიანს თუ გავუკეთებთ მსუქნის მიკრობიომის ინპლანტაციას, იგი დიდი ალბათობით წონაში მოიმატებს. მეტიც, მსუქანი ადამიანის კუჭში არსებული ბაქტერიები გადაუნერგეს გამხდარ თაგუნას, იგი გაფუებული ცომივით გასუქდა. მეცნიერები უფრო შორსაც მიდიან - სიმსუქნე შეიძლება გადამდებიც კი იყოს - გამხდარი თაგუნები მსუქნების გალიაში გადასვეს და მალე ისინიც თავის მასპინძლებს დაემსგავსნენ.
ყველაზე მთავარი დასკვნა, რაც აღნიშნული ექსპერიმენტიდან გამომდინარეობს არის შემდეგი - ჯანმრთელი დიეტა არის არა ამა თუ იმ საკვების რაციონიდან ამოღება, არამედ კვების მრავალფეროვნება, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბაქტერიების მრავალფეროვნებას, რომელიც გვეხმარება მის მონელებაში.
ზემოაღნიშნული ექსპერიმენტების საფუძველზე ზოგიერთი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხდეს დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან მიკრობიომის იმპორტირებაც, განსაკუთრებით აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან - მათ უფრო მრავალფეროვანი მიკრობიომი გააჩნიათ, რადგან ძირითადად ნატურალურ და მრავალფეროვან საჭმელს იღებენ.
და ბოლოს, გამაოგნებელია ის ფაქტიც, რომ შესაძლ;ებელია კუჭ-ნაწლავში "მოსეირნე" ჩხირები გავლენას ახდენდენ არა მარტო ჩვენს სხეულზე, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც. დამტკიცებულია, რომ მიკროორგანიზმები არეგულირებენ სეროტონინის დონეს, რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი გუნება-განწყობილება. ასე, რომ ინგლისური გამოთქმა „butterflies in the stomach“ (პეპლები მუცელში), რომელსაც შეყვარებულ, ხალისიან განწყობაზე მყოფ ადამიანზე ამბობენ, არც თუ ისე შორს დგას სიმართლისაგან... თუმცა, მედიცინამ ჯერ სრულყოფილად არ იცის, რა სახეობის „პეპლებია“ ისინი და შესაბამისად სამუშაოც ბევრი აქვთ.
ცოტა ფანტაზიაც მოვიშველიოთ - იქნებ მევნიერებმა კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა ამ „კუჭნაწლავური საიდუმლოს“ ამოხსნის საკითხში, რაც გლობალური თუ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება კაცობრიობას - იქნებ ისინიც ადამიანის, პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების, ორგანიზმში არსებული მიკრობიომის გამოა წარმოქმნილი. წარმოიდგინეთ, კაფსულაში მოთავსებული მშვიდობისა და სიმართლისმოყვარე მიკრობიომი, რომელსაც პოლიტიკოსები პროფილაქტიკური მიზნით დიდი ოდენობით მიიღებენ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ...
მასალა მომზადებულია BBC-ში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები