შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს შს მინისტრი ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ზრდა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებით აღინიშნება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "ნიუპოსტი" გთავაზობთ "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას:
"შსს–ს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურომ დღეს, 19 მარტს, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა:
ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იყო 4 598, რაც 2011 წლის იგივე პერიდოთან შედარებით 1 719 შემთხვევით (59.7%-ით) მეტია.
აქედან, 1 434 არის ქურდობა. ქურდობის მაჩვენებელი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 55.9%–ით. ამავე თვეში დაფიქსირებულია ავტომანქანისა და ავტომანქანის ნაწილების ქურდობის 139 ფაქტი. შსს–ს განცხადებით, გასულ წლებში ავტომანქანის ნაწილის ქურდობა ცალკე არ აღირიცხებოდა.
2012 წლის დეკემბერში დანაშაულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 4 815–ს, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 40.7%–ით მეტია, ასევე, გაზრდილია ქურდობის ფაქტები 25.6%–ით და შეადგენს 1423–ს.
დანაშაულთა საერთო რაოდენობამ კლება დაიწყო 2013 წლის 1 იანვრიდან და ამ პერიოდში საქართველოში სულ 3906 დანაშაული დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული მონაცემი 19.6%–ით მეტია 2012 წლის იანვართან შედარებით, რა დროსაც საქართველოში 3266 დანაშაული დარეგისტრირდა.
დანაშაულის საერთო რაოდენობა 2013 წლის თებერვალში ოდნავ შემცირდა და შეადგინა 3 819, თუმცა აღნიშნული მონაცემი 15.7%–ით მეტია 2012 წლის თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის იანვარ–თებერვალში დანაშაულის საერთო რაოდენობის კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვნადაა მომატებული ქურდობის ფაქტი ბინაში შეღწევით. კერძოდ, 2013 წლის იანვარში დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 142 შემთხვევა, რაც 140%–ით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით.
იანვრის მსგავსად, 2013 წლის თებერვალშიც 87–ით მეტი ბინა გაქურდეს, ვიდრე 2012 წლის იმავე თვეში. ზრდის მაჩვენებელი 142.62%–ია.
თებერვალში ასევე 82%–ით გაზრდილია ყაჩაღობის მაჩვენებლი და შეადგენს 53–ს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, დაფიქსირებულია 489 შემთხვევა, რაც 123 შემთხვევით მეტია (33.61%) წინა წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულზე. 2013 წლის იანვარში კი ნარკოდანაშაული 2012 წლის პერიოდთან შედარებით 56.3%–ითაა გაზრდილი (ჩადენილია 201 ახალი შემთხვევა)."
მასალის გამოყენების პირობები






