გამოცემის თანახმად, სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების შედეგად მინიმუმ 2 რუსი ჯარისკაცია დაღუპულია, რასაც რუსული მხარე არ ახმაურებს.
Der Spiegel-ის ცნობით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების ძალების 22-ე ბრიგადის მებრძოლები , 12 ნოემბერს, დონის როსტოვში დაკრძალეს, თუმცა რუსულ მედიას აღნიშნული ფაქტი არ გაუშუქებია.
გერმანული ჟურნალი ასევე იტყობინება, რომ საჰაერო ავიაიერიშების გარდა, რუსული მხარე საკუთარი თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით სირიელი ჯარისკაცების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციების დაწყებას არ გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






