უშაკოვის თქმით, რუსული მხარე თურქეთის სატელეფონო ზარებზე პასუხს მანამ არ აპირებს, სანამ მომხდარის გამო თურქეთი ბოდიშს არ მოიხდის.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერდოღანის განცხადება არ დაადასტურა. დღეს დილით კი, პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ერდოღანმა პუტინთან დაკავშირებმა მხოლოდ ერთხელ, სუ-24-ის ჩამოგდებიდან 7-8 საათის შემდეგ სცადა.
შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






