მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი . ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.
მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.
დიდი მარხვა 5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
დიდი მარხვა აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება - მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე. წინა წელს ნაკურთხი ბზის ტოტები დაუშვებელია უდიერად გადაიყაროს, არამედ უნდა დაიწვას, ან ტაძრის ეზოში, ან სადმე წმიდა ადგილას.
წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი; ყოველ შაბთს დიდ მარხვაში კეთდება მიცვალებულთა სახელზე საკურთხი, გარდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათისა.
ვნების შვიდეული დიდ მარხვის მომდევნო კვირაა. ამ შვიდეულში მოხდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა ვნება ჯვარზე. ამ კვირაშიც, დიდ მარხვის პირველი კვირის მსგავსად მკაცრად ვმარხულობთ (უზეთოდ, ვისაც ეს ძალუძს), გარდა ხუთშაბათისა. ხუთშაბათი ზეთით ხსნილია. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი 12 მოწაფის საიდუმლო სერობა მოიწვია და დააწესა ზიარების საიდუმლო. ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს ამ დღეს ზიარებას.
დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო" აღარ იკითხება, ე.ი. ამ ლოცვის კანონი წყდება.
ვნების შვიდეულში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე "წითელი პარასკევია". ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება "გარდამოხსნის გადმოსვენება". დილით კი, იკითხება "თორმეტი ვნების სახარება".
დიდ შაბათს, დილით, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. ყოველივე ამის შემდეგ, ხდება მზადება უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
დიდ მარხვაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის კანონი ყოველდღიურად 16 მეტანიით (კვირის გარდა)
მასალის გამოყენების პირობები






