საძირკველი ჩაყრილია, ბურჭულაძე ექსპერტებთან და ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს განვითარების ფონდს აფუძნებს, რომლის ერთ-ერთი აქტიური სახე „ნიუპოსტის“ რუბრიკა „პოზიციის“ სტუმარია.
ინტერვიუდან გაიგებთ, ხათუნა ლაგაზიძეს შეფასებას, ჩააბარა თუ ჩააბარებინეს ამერიკის ტესტი მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც „რუსთავი 2“ -ის გამო საერთაშორისო ქარ-ცეცხლში არაერთხელ გაეხვა და რჩება თუ არა საქართველო დასავლეთის ინტერესების პრიზმაში, ხელისუფლების ანტიდასავლური ნაბიჯების მიუხედავად.
რატომ თვლის ექსპერტი, რომ ევროპაში პოლიტიკური ელიტის ინტელექტუალური სიმწირეა და პარიზის ტერაქტი კი, უსაფრთხოების ინსტიქტების მოდუნების შედეგი.
ნიუპოსტი: „საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან დიდი სივრცე რჩება“- ეს განცხადება „ნიუპოსტთან“ რამდენიმე თვის წინ გააკეთეთ. დღეს კი პაატა ბურჭულაძის ახალი ორგანიზაციის - "საქართველოს განვითარების ფონდის" ერთ-ერთი წევრის სტატუსით გესაუბრებით, პირდაპირ გკითხავთ: არის თუ არა ბურჭულაძის მიერ ფონდის შექმნა ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯი, ფანდი და გარდაიქმნება თუ არა თქვენი ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ გაერთიანებად?
- სიტყვა „ფანდი“ ყურს მჭრის, არასდროს არ ვყოფილვარ რაიმე სახის ფანდის მონაწილე. რამდენადაც მე ვიცნობ პაატა ბურჭულაძის ცხოვრებისეულ გზას, ისიც შორს დგას მსგავსი ჩანაფიქრებისგან. ეს არის ფონდი, მისი ძირითადი მიზანი სათაურშივეა გატანილი - „საქართველოს განვითარების ფონდი“, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარი მინდვრის შექმნას, სადაც საზოგადოების მაქსიმალურად გააქტიურებას შევეცდებით. რაც შეეხება კონცეფციას, მის სისრულეში მოყვანის გზებს თავად ხალხი იპოვის. თავად ჩამოყალიბდება, როგორი ქვეყანა უნდა. ეს ფონდი გამაერთიანებელი იქნება. მე ვფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ხედვა და სტრატეგია, იმ ნეგატივის ფონზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში. დღეს ერთიანი შავი პიარმასა არის გადაფარებული ჩვენს საზოგადოებაზე, ამიტომ აუცილებელია, ახალი ხედვის ჩამოყალიბება. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ფონდის ფარგლებშია და ამას პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ფონდი, სადაც მოხდება ახალი ხედვის და ინოვაციების ჩამოყალიბება-შეჯერება. პიროვნება უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ პროცესებში, რომელიც გაიყვანა ამ პროცესებიდან მოქმედმა ხელისუფლებამ - ბოლო სამი წელია რიგით მოქლაქეს არ აქვს სახელმწიფოს შენებაში მონაწილის განცდა.
- ანუ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას გამორიცხავთ?
- ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინტელექტის მობილიზება, ამ მიზანს ფონდის ფორმატში სრულიად მიღწევადად ვთვლი.
- ფონდის ხელმძღვანელმა ვანო მაჭავარიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ „საქართველოს განვითარების ფონდი“, პოლიტიკურად აქტიურ პირებთანაც გამართავს კონსულტაციას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბატონი მაჭავარიანი პრეზიდენტ მარგველაშვილის მარჯვენა ხელი იყო... რაში დაგეხმარებათ პოლიტიკოსებთან კონსულტაცია, თუ პირიქით თქვენ დაეხმარებით მათ?
- იქიდან გამომდინარე, რაც ფონდის მიზნებთან დაკავშირებით გითხარით, ლოგიკურია იმ გამოცდილების მოსმენა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს დაუგროვდა. აქ საუბარი არ არის ვინმეს გარდაქმნაზე, არამედ გაერთიანებაზე, მათ შორის, იმ საღი ინიციატივების, რომელიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ ვერავის გამორიცხვის მეთოდით ვერ წავალ, პირიქით - რაც არსებობს ქვეყანაში იმ პოტენციალის გაერთიანება იქნება ერთ-ერთი ფორმა ამ ფონდის საქმიანობის. ამიტომ ვერ დაყოფ, რადგან თუ ვიღაც პოლიტიკურ წიაღში იყო, ამის გამო მიუღებელი ვერ იქნება. თანაც, ისევე როგორც მათ შეუძლიათ ფონდის ხედვების გამოყენება, ასევე შეიძლება ჩვენთვისაც საინტერესო იყოს მათი გამოცდილება პრობლემების აღრიცხვის თვალსაზრისით.
- პაატა ბურჭულაძის ცნობილი განცხადება რუსულ ბანზე საზოგადოებაში განხილივის საგნად იქცა. ამბობდნენ, რომ შესაძლოა ფონდის უკან რუსული ინტერესები იყოს...
- კითხვის ნიშნები ხელოვნებასთან ახლოს მყოფ ადამიანს ამ განცხადებაზე ნაკლებად გაუჩნდება. ის რეალურად არის რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი და გასაგებია თუ რა იგულისხმა ამ განცხადებაში. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე თვალსაზრისით ფონდის საქმიანობა პრორუსული იქნება. იმ ადამიანების პროდასავლურობაზე, ვინც ფონდის შემადგენლობაშია კითხვები არ არსებობს. საქართველო ევროპის ორგანული ნაწილია - ეს არის ჩვენი ფონდის კონსტიტუცია.
- პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ მაინტერესებს თქვენი შეფასება, ყველა თანხმდება რომ ISIS-ი თავს დაესხა ევროპას, საფრთხე გვემუქრება ყველას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად?
- ტერაქტმა გამოავლინა ევროპის პოლიტიკური ელიტის ინტელექტუარული სიმწირე. ერთგვარმა ფუფუნებამ, რომელშიც ევროპა ცხოვრობდა, უსაფრთხოების ინსტიქტები მოუდუნა და შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ასევე ბოლო 20 წლის განმავლობაში გაუაზრებელი იყო მიგრაციის პოლიტიკა. ევროპა ცდილობდა თვითკმარი პოლიტიკა გაეტარებინა. იგივე შეიძლება ითქვას, როგორც ახლო აღმოსავლეთზე, ისე კავკასიაზე. იმ ფონზე, როდესაც ,,ისლამურმა სახელმწიფომ" ჯიჰადი გამოუცხადა რუსეთს, სრულიად კავკასიის რეგიონი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ევროპის და ამერიკის მხრიდან. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ლიდერების უმეტესობა ჩრდილო კავკასიიდან არის გასული, მათ შორის არიან საქართველოდან.
ევროპას და ზოგადად დასავლეთს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები ტერორისტულ დაჯგუფებებთან მიმართებით. "ისლამური სახელწიფოს" შემოსავლის წყარო კონტრაბანდული გაზი და ნავთობია, რომლის წყალობითაც ენერგორესურსების ფასი დაეცა. სამაგიეროდ, შემცირდა რუსეთის, როგორც საფრთხის ეკონომიკური პოტენციალი და გაიზარდა ,,ისლამური სახელმწიფოს", როგორც მსოფლიოს ძირითადი საფრთხის ეკონომიკური პოტენციალი. დასავლეთმა უნდა გადაწყვტოს ამ ორი ჭირიდან, რომელი გახდეს მისი უპირველესი სამიზნე და ეს უნდა იყოს ისლამური ტერორიზმი. პირველ რიგში, ამ კონტრაბანდული გაზის და ნავთობის გასაღებაზე უარის თქმა დასავლეთის ქვეყნებიდან, ასევე უნდა მოხდეს ნავთობსადენების დაბომბვა. ამ კონტრაბანდულმა ენერგორესურსებმა დადებითი როლი შეარულა ფასის დაცემის პროცესში, რამაც რუსეთის ეკონიმიკას დაარტყა, სამაგიეროდ ისლამური სახელმწიფო ფინანსურად გაძლიერდა. ასევე უამრავი სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. უკვე ყბადაღებული თემაა უკონტროლო და ლტოლვილთა ნაკადების შეშვება, რამაც მისცა საშუალება "ისლამურ სახელმწიფოს," რომ ფრონტი ევროპაში გადაესროლა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ტერორისტია შესული ევროპაში ლტოლვილის მანტიით.
რაც შეეხება საქართველოს, აქ პირველ რიგში უნდა მოხდეს პრევენცია ნებისმიერი სახის პროვოკაციის რელიგიურ ნიადაგზე. ამ მხრივ მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს და ისლამური თემის ლიდერების პოზიციები და ეს ორი უმსხვილესი რელიგია ისე უნდა თანამშრომლობდეს, როგორ არასდროს. საჭიროა შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკაც, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოს ტოლერანტობას და მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნოვან ისტორიას. ასევე კარგი იქნება თუ შეიქმნება ტერორიზმის საერთაშორისო და რეგიონალური ცენტრი, რომლის წევრები იქნებიან აშშ, ნატოს და რეგიონის წევრი სახელმწიფოები. მათი მიზანი უნდა იყოს მიზეზების კვლევა და პრევენცია იმისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩრდილო-კავკასია ადამიანური რესურსების ერთ-ერთი მიმწოდებელია "ისლამური სახელმწიფოსი". ეს არ იქნება საფრთხეების პრევენცია მხოლოდ ამ რეგიონში. ეს იქნება საფრთხეების პრევენცია შუაგულ ევროპაში. იმედია საქართველოს ხელისუფლება სწორად მოახდენს ცენტრის ლობირებას დასავლეთში, მის გახსნას წინ არაფერი უდგას.
- აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც მინდა გკითხოთ, საუბარია ვიზის გამარტივებაზე, თუმცა პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა ამის სანაცვლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ხარკი გადაახდევინოს საქართველოს...
- რა პოლიტიკურ ხარკზე მელაპარაკებით, ვინ ეხვეწება ვიზები გახსენითო. მე არ მახსოვს საქართველოს ხლისუფლებისგან ან საზოგადოებისგან მსგავსი მოწოდება. მსგავსი არაფერი მომხდარა ქართულ რეალობაში. ეს სჭირდება რუსეთს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი რუსეთის ტაქტიკური გეგმისა, რომელიც უკავშირდება 2016 წლის არჩევნებს და რომლის მიზანია მეტი პრორუსული დეპუტაციის გაყვანა მომავალ პარლამენტში. ეს არის ნაბიჯი მოსახლეობის გულის მოგების. ეს არის რუსეთის მიზანმიმართული გეგმა, რომელიც უკავშირდება საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რუსული გავლენის ზრდას.
-„რუსთავი 2“ და საერთაშორისო ზეწოლა - აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პროცესები შენელდა, თუმცა ხელმძღვანელების თქმით, ბრძოლა ამით არ დასრულებულა. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან მედიაზე და სასამართლოზე ზეწოლა და რა შედეგს მოგვიტანს ეს საერთაშორისო ასპარეზზე?
- დადებითი შედეგები, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ატეხილმა ბატალიებმა მოგვცა, არის ის, რომ ჩვენ თვალსაჩინოდ ვიხილეთ დასავლეთის მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო არავის არაფერში გაუცვლია. იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინმეს ხომ არ გაუჩნდა სურვილი საქართველოს დახურდავებისა და გაცვლისა სხვა უფრო მასშტაბურ სამიზნეზე. ჩვენ ნაკლებ აქტიურობას ვხედავდით დასავლეთის საქართველოსთან მიმართებით. „რუსთავი 2“-ის პროცესებმა აჩვენა, რომ დასავლეთი საქართველოსთან დამოკიდებულებაში ისევ ისეთია, როგორც ყოველთვის. საქართველო არის მისი ინტერესების პრიზმაში და არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასავლური გზიდან გადაუხვიოს. ამის კატალიზატორი „რუსთავი 2“-ის პროცესები აღმოჩნდა. დასავლეთი იძულებული გახდა გამოეყენებინა მთელი მისი დიპლომატიური არსენალი, რომ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის შევიწროვებაზე ხელი აეღო. ვიხილეთ ასევე არაერთი მკაცრი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის. იყო მინიშნება, რომ ვერბალური რესურსები ამოწურა დასავლეთმა ჩვენს პატივცემულ ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და როდესაც კითხვა დაუსვეს დეპარტამენტის წარმომადგენლებს, თუ რა პოლიტიკურ შედეგებზე იყო საუბარი, მათ თქვეს, რომ ამ შედეგებზე არ გვიფიქრიაო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამოვწურეთ სიტყვიერი რესურსი და ამის მერე სანქციებზე გადავალთო. როგორც ჩანს, ამ სანქციების არსი უფრო გარკვევით აუხსნეს ხელისუფლებას და ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ „რუსთავი 2“-ს მინიმუმ არჩევნებამდე მენეჯმენტი არ შეეცვლება. ახლა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ მისი კვალი არ იყო. როდესაც მედიაში ეჭვის გამომწვევი პროცესები დაიწყო მაშინვე ვთქვი - რომელიმე უწყების წარმომადგენელი ან მინისტრი ურთმელიძის გვერდით არ დაჯდებოდა, მაგრამ თამაზ ურთმელიძე რეალურად იყო ნიღაბი ხელისუფლების სახეზე. დაწყებული გრიგოლიას გადაცემის დახურვიდან, რასაც მოჰყვა ეკა მიშველაძის დროებითი ჩამოშორება ეთერიდან. ასევე ორი ძირითადი ტელევიზიის მეწილეს ერთბაშად გაუნათდა გონება და გაუჩნდა აღტკინება წილების დაბრუნების. ეს ყველაფერი ბადებდა ეჭვს, რომ პროცესებს უხილავი ხელი მართავდა. აღარაფერს ვამბობ იმ სასაცილო ეკვილიბრისტიკაზე, რომელიც ურთმელიძემ განასახიერა. არ ვიცი რა ჯადოსნური ჯოხი აუფრიალეს თვალწინ ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთიდან, მაგრამ მე რაც მიხარია არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება სიტყვებზე თუ არა, რეაგირებს იმ სანქციებზე, რომელზეც დასავლეთი ესაუბრა. ჩვენი ფონდის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე, ერთ-ერთი იყო რომელიც ესწრებოდა ევროსტრუქტურებში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას, სადაც დაიბარეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. იქ ძალიან მკვეთრი მესიჯებით უთხრეს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ქართული დემოკრატიის მშენებლობაში არა მარტო საქართველომ გაიღო წვლილი და სისხლი, არამედ - დასავლეთმაც. ქართული დემოკრატიის უკუსვლას არა მარტო ქართველი ხალხი აღუდგება წინ, არამედ - მთელი დასავლეთი.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






