მაროკოს ქალაქ კასაბალანკაში 13-15 ნოემბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონები 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილი და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ლორიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+ 100), შორენა შარაძე (60 კგ), ირინე ლეონიძე (80 კგ) და გახდნენ.
ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლებში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი აკმალიდინ კარიმოვი დაამარცხა, დავით ლორიაშვილმა კი რუსეთის წარმომადგენელ დიმიტრი ელისეევს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, 2015 წელს კი მან ისევე როგორც დავით ლორიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაც შეძლო და დუბლი შეასრულა. მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კაცთა შორის გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მესამე კი ბელარუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






