ლიბანის დედაქალაქში განხორციელებულ 2 ტერაქტს 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმების შედეგად დაშავდა 239 ადამიანი, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
აღმოჩნდა, ბეირუთის ტრაგედია კიდევ უფრო სისხლიანი იქნებოდა, რომ არა რიგითი მოქალაქე, ადელ ტერმოსი.
ადელ ტერმოსი პატარა ქალიშვილთან ერთად ბეირუთის სამხრეთ რაიონში, ბაზრობის ტერიტორიაზე მაშინ იმყოფებოდა, როცა არეულობა დაიწყო. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. იქაურობა მოქალაქეების ცხედრებმა და სისხლმა დაფარა. ადელმა გოგონა ხელში აიყვანა და გასაქცევად მოემზადა, როდესაც შენიშნა, რომ მეორე თავდამსხმელი თავის ასაფეთქებლად ემზადებოდა.
მამა შვილი ადგილზე დატოვა, თვითონ კი ტერორისტისკენ დაიძრა, რომელიც ხალხმრავალი ადგილისკენ მიიწევდა. თავს დაესხა, მიწაზე დააგდო და სხეულით გადაეფარა. ტერორისტმა თავი ადელ ტერმოსთან ერთად აიფეთქა. ტერმოსი თვითმკვლელმა იმსხვერპლა, მაგრამ ასობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.
გავრცელდა ინფორმაცია ქალიშვილის დაღუპვის შესახებაც, მაგრამ როგორც ადელის დაკრძალვის ფოტოებიდან ირკვევა, ბავშვი უვნებლად გადარჩა.
45 დაღუპულთან ერთად, ბეირუთი, გმირს, ასობით ადამიანის გადამრჩენელ ადელ ტერმოსს გლოვობს.
"ისინი ქვეყნად არავის ინდობენ. უმოწყალოდ ხოცავენ ხალხს. რომ არა ადელი, იმაზე უარესი შედეგი გვექნებოდა, ვიდრე დღეს არის" - წერს ბეირუთელი ბლოგერი და ექიმი ელის ფარესი.




მასალის გამოყენების პირობები






