ტერქატიდან სამი დღის თავზე, ქვეყანა შოკიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, საფრანგეთი თბილისის დროით 15:00 საათზე ერთი წუთით გაირინდა, რითაც ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. დღეს იმ დაწესებულების სახელები ყველამ ზეპირად იცის, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უდანაშაულო მოქალაქეების სისხლის ტბა დააყენეს. შეიარაღებული თავდასხმები მოხდა პარიზის მე-10-ე რაიონში ბარ Le Carillon-სა და რესტორან Le Petit Cambodge-ში. ასევე მე-11-ე რაიონშიც, რესტორან La Belle Equipe-სა და La Casa Nostra-ში. აფეთქების ხმა გაისმა სტად დე ფრანსზე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში. ყველაზე სისხლიანი "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზი აღმოჩნდა. მთლიანობაში, ტერაქტებს 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხრვერპლა, შემზარავ ტერაქტზე პასუხისმგბლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მათი განცხადებების მიხედვით, ეს თავდასხმები წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთის საჰაერო დარტყმებზე პასუხი იყო.
გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრი, 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.
გამოძიების კვალდაკვალ პარიზში მომხდარ თავდასხმებთან კავშირში მყოფი პირების და დაღუპულთა სიაც გამოქვეყნდა. საფრანგეთმა ძებნა გამოაცხადა ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამიზე. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმაა, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა.
რამ გამოიწვია ტერაქტი, იყო თუ არა ეს მხოლოდ შურისძიება საფრანგეთზე? დგას თუ არა საქართველო ტერორიზმის რეალური საფრთხის ქვეშ და რა უნდა გაკეთდეს ტერორიზმის შესაჩერებლად, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ნიუპოსტი“ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებთან შეეცადა.
ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი - გიორგი სანიკიძე: ეს არის რეალური ომი, წლებია ტერორისტები ებრძვიან ცივილიზებულ სამყაროს. „ისლამური სახელმწიფოს“ განეიტრალება ერთი სამხედრო ოპერაციით შეუძლებელია. უნდა მოხდეს დეტალურად შემუშავებული გეგმის შედგენა. არსებობს დასავლეთის პოზიცია, რომ ISIS-ი ცუდია, მაგრამ არ არსებობს მიზანმიმართული, ხანგრძლივ დროზე გაწერილი სტრატეგია „ისლამური სახელმწიფოს“ ან „ალ-ქაიდას“ დასამარცხებლად. ამათ ერთი დარტყმით ვერ მოსპობ. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერენ დასავლეთის წინააღმდეგ ისეთი რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა აზიაში – „ისლამური სახელმწიფო ( ISIS) “ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია: “აბუ საიაფი” და აფრიკაში - “ბოკო ჰარამი”.
ტერორისტული ბაზებისა და საკუთრივ ტერორისტების განადგურებასთან ერთად, უნდა აღმოიფხვრას ის მიზეზები, რაც ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმს წარმოშობს.
- შეიძლება თუ არა საქართველო იქცეს ტერორისტების სამიზნე?
- ჩვენ პანიკამ არ უნდა მოგვიცვას, თუმცა არც უდარდელად უნდა ვიყოთ. საქართველო გლობალური მოვლენების ნაწილია, გარდა მისა ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პოტენციური საფრთხე არსებობს. სახელმწიფო სამსახურებმა ძალიან დიდი და ეფექტური სამუშაოები უნდა გასწიონ იმისთვის, რომ ტერორისტების შესაძლო შემოღწევა არ მოხდეს.
- არის თუ არა პანკისის ხეობა საფრთხის კერა გამომდინარე მისი სპეციფიკიდან, რა მეთოდით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ?
- პანკისი ძალიან დიდი რეგიონია, იქ ჩეჩნეთის ომის შემდეგ შეიქნმა ისეთი პირობები, რომ რადიკალური იდეები ადვილად ვრცელდება. ფაქტია, რომ რუსეთის მოქმედებამ ჩრდილოეთ კავკასიაში დიდად შეუწყო ხელი რეგიონში ისლამური იდეოლოგიის გავრცელებას, - გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი ტერორისტული დეების ლტოლვისადმი.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - აუცილებელია, პანკისის ხეობაში მუშაობა გააქტიურდეს. პირველ რიგში კი მთავრობამ, მთის სპეციფიკიდან გამომდინარე, უხუცესთა მხარდაჭერით უნდა იმოქმედოს. რეგიონში მცხოვრები დიდი ავტორიტეტის მქონე უფროს თაობას უნდა დაეყრდნოს. და რაც მთავარია, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ უკეთესად იცხოვრებენ და მათი მდგომარეობა გამოსწორდება.
საფრანგეთს ტერაქტების სერიას საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას” წარმომადგენელი ნიკა რურუაც ეხმიანება და ამბობს, რომ დასავლეთი ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს, რომ პუტინის სახით საქმე აქვს სრულიად ცივსისცხლიან მანიაკთან, ვინც ამგვარი ჯოჯოხეთური ვერაგობითა და არაადამიანური სიბილწის მატარებელი სპეც-ოპერაციებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
„Cui Bono? ანუ, ვინ იხეირა? (მარკუს ტულიუს ციცერონი, როდესაც დანაშაულის მოტივს არკვევდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე). პარიზის ტრაგედიით აუცილებლად ისარგებლებს ულტრა-მემარჯვენე, ღიად მოფაშისტო პოლიტიკოსი მარინ ლე-პენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. მისი გამარჯვება ძალიან სჭირდება ვლადიმირ პუტინს, ვინც აფინანსებს ამ ქალბატონის საარჩევნო კამპანიას მილიონობით ევროთი, რაც უკვე თითქმის დამტკიცებული ფაქტია. ამ ქალის საშუალებით პუტინი NATO-სა და ევროკავშირის დაუძლურება/დაშლას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს კონკრეტული საბუთი ამის დასამტკიცებლად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრაგედიის წამქეზებლები პუტინის სპეცსამსახურები იყვნენ. ისინი ამგვარ ჯოჯოხეთურ და არაადამიანურ ქმედებებში შემჩნეულები არიან: 1. ჩეჩნეთის მეორე ომის წამოსაწყებად საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას; 2. 2008 წელს საქართველოსთან ომის წამოწყებისას, მედვედევისვე სიტყვებით „ნატოს გაფართოების შესაჩერებლად”. 3. უკრაინაში სამოქალაქო თვითმფინავის ჩამოგდებისას, რომ ეს უკრაინის სახელმწიფოსათვის დაებრალებინათ და მსოფლიოს თვალში უკრაინის დისკრედიტაცია მოეხდინათ; 4. ეგვიპტეში საკუთარი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებისას, რომ რუსეთის სირიაში სამხედრო ავანტიურა რამენაირად გაემართლებინად და ა.შ. დასავლეთი ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს, რომ პუტინის სახით საქმე აქვს სრულიად ცივსისხლიან მანიაკთან, ვინც ამგვარი ჯოჯოხეთური ვერაგობითა და არაადამიანური სიბილწის მატარებელი სპეც-ოპერაციებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. პუტინის მეთოდები ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერ კონსპირაციის თეორიას რეალური საფუძველი გააჩნია: არავითარი სპეკულაცია. მხოლოდ დედუქცია“- აღნიშნავს კულტურის ყოფილი მინისტრი.
„ნიუპოსტი“ მოსალოდნელ საფრთხეებზე ექსპერტ მამუკა არეშიძესაც ესაუბრა:
„იმ შემთხვევაში თუ „ისლამური სახელმწიფო“ მუქარას აასრულებს და ტერაქტებს განახორციელებს საქართველოში, პირველ დარტყმებს - კოალიციური ძალების ქვეყნების საელჩოები მიიღებენ. ისლამური ტერორიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ხალხმრავალ ადგილებში აფეთქება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კონკრეტულად ხალხის და ერის დასჯა სურთ, რისი საფუძველიც, არეშიძის თქმით, საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს“ - აღნიშნა ექსპერტმა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ „ტერორიზმის წინააღმდეგ რეაგირება, საერთაშორისო ფორმატით უნდა მოხდეს.
„დღეს არის მოცემულობა, როდესაც ფრონტის ხაზი გაიხსნა უკვე ევროპაში, იქ, სადაც ლტოლვილებთან ერთად როგორც ჩანს აღმოჩნდნენ ტერორისტები. დიახ, ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ორ ფრონტის ხაზთან, ერთი არის სირიაში და მეორე არის ევროპა, სადაც გაცილებით რთული და კომპლექსური იქნება ამ პრობლემის მოგვარება.
თავისთავად ცხადია, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, თავის შესაძლებლობებით ვართ საერთაშორისო ანტიტეროსისტული კოალიციის ძალიან ძლიერი და ერთგული პარტნიორი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ სფეროში ჩვენს ძირითად პარტნიორებთან. ასეთ ვითარებაში თავისთავად ცხადია ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები გააძლიეროს და ჰქონდეს უფრო მაღალი დონის მზადყოფნა. ცხადია არ ვისაუბრებ იმ დეტალებზე რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ხელისუფლება. არის სტანდარტული ღონისძიებები მეტი ყურადღება ეთმობა საზღვრებს, მოწყვლად ჯგუფებს“- აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ტერაქტამდე ორი დღით ადრე, ისლამური ხალიფატი საქართველოსაც დაემუქრა.
“საქართველოს მომავალზე, რომ არ ფიქრობდით და ყალბ მომავალზე ილუზიებს აგებდით, დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისგან, რომელიც ძალზედ მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალაჰის ნებით მოვალთ საქართველოში და საქართველოშიც დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ-პატრონის, უზენაესი ალაჰის კანონები” - ეწერა IslamGeorgias ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში, რომელიც სამუფთოს ყოფილი იმამის მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელდა.
როგორც "ნიუპოსტმა" თემის მომზადებისას გაარკვია, 13 ნოემბრის ტერაქტის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მუქარის შემცველი წერილის" ირგვლივ გამოძიება დაიწყო.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






