ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტს არ ეთანხმებიან ირაკლი ფირცხალავა და გურგენ დონაძე. გამოძიება დამატებით დასკვნებს ამერიკიდან და ევროპიდან ელოდება. პროკურატურამ კადრები შესასწავლად ფედერალურ ბიუროსა და გერმანიის კრიმინალურ სამსახურსაც გადაუგზავნა.
ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელშიც როგორც ექსპერტები, ასევე ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირებიც გაერთიანდებიან. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი აღნიშნული ფირების დამოუკიდებელი გამოკვლევა.
აღნიშნული პირების მტკიცებით, ფირი, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა, სამი წუთისა და ორმოცი წამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული. დონაძე და ფირცხალავა ამ ფაქტის დამტკიცებას ცდილობენ და ამერიკისა და გერმანიის საექსპერტო ბიუროების დასკვნას ელოდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი კრიმინალური საექსპერტო სამსახურის დასკვნის პირველი ორი პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პირველი პუნქტის თანახმად, ექსპერტიზაზე გაგზავნილი ვიდეოგრამა მონტაჟის მეშვეობით არის მიღწეული, სწორედ ამიტომ ვიდეოგრამა ორიგინალია თუ ასლი, ექსპერტებისთვის გაურკვევლია.
მეორე პუნქტში კი საუბარია იმაზე, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალა ვარგისია საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად.
"შეიძლება ეს არის მონტაჟი, არის სპექტაკლი, რომელიც დავდგით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენებაში ხომ უნდა იყოს მითითებული, ვერ ვხვდები რას ნიშნავს მონტაჟი", - აღნიშნავს ირაკლი ფირცხალავა.
დონაძე კი ირწმუნება, რომ გასროლის წუთიდან, რობაქიძის გარდაცვალებამდე და იარაღის აღმოჩენამდე ოპერატორს კამერა არ გამოურთავს.
მასალის გამოყენების პირობები






