სარედაქციო წერილში საუბარია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შემდეგ, რაც ყოფილი საბჭოთა ქვეუნებში იშვიათი მოვლენაა, ქვეყანა გასცდა დემოკრატიული ნორმების ზღვარს, რადგან ახალი მთავრობა პოპულისტი მილიარდერის ხელმძღვანელობით არჩევნებში დამარცხებულთა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასჯასა და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობას შეეცადა.
„ახლა მისი პოპულარობა იძირება და ახალ არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. ბიზნესმენი, პარტიასთან თანხვედრით, ყველაზე პოპულარული ტელეარხის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომელიც ხშირად ოპოზიციური შეხედულებებით გამოირჩევა“ - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის თანახმად, სასამართლომ დააკმაყოფილა პარტიასთან ასოცირებული ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და დააყადაღა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის ანგარიშები.
„ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავასთან კავშირს უარყოფს, რასაც არ ეთანხმება პოლიტიკურ აქტივისტთაა უმრავლესობა, მათ სკეპტიციზმს კი ამყარებს ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, სადაც მან ტელეარხს „ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა“ უწოდა” - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორთა შეფასებით პრემიერი უფრო შორს წავიდა და ოპოზიციური პარტია „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ მოიხსენია.
Washington Post-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან აგრესია გასაგებია, ვინაიდან ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში სამთავრობო პარტიის რეიტინგი 60 პროცენტიდან 14 პროცენტამდე დაეცა.
"გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა , რომელიც გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილს, განაცხადა, რომ დავა საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს - ხაზგასმულია სტატიაში.
ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ საქმეში ჩაერთვნენ დასავლეთი და საერთშორისო ორგანიზაციები. სტატიაში მოყვანილია ციტატები სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლებიშიც აქცენტი გაკეთებულია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.
„როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი2-ზე ზეწოლა გაგრძელდება, ეს საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ქართულ დემოკრატიას , არამედ დასავლურ მმართველობასა და ინსტიტუტებს“ - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






