- ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რომის პაპი დასახელდა და ცნობილი გახდა, რომ მან სახელი კათოლიკური ეკლესიის წმინდანის ფრანცისკე ასიზიელის სადიდებლად აირჩია.
ქართული მედიასაშუალებები რომის პაპს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ და ჯერჯერობით არ არსებობს ვარიანტი, რომელიც შეთანხმებულად ან შეთანხმების გარეშე იქნება მიჩნეული სწორად.
ახალი პაპის არჩევისა და მისი დასახელებისთანავე "ნიუპოსტმა" რომის პაპის სახელად "ფარნსის პირველი" მიუთითა, "ტაბულამ" "ფრანცისკე", "ნიუს.ჯი"-მ - "ფრანცისკ პირველი", "ნეტგაზეთმა" კი "ფრანცის პირველი".
ამასთან, ასიზელის სახელად ქართულ ვიკიპედიაში "ფრანჩესკოა" მითითებული, ენციკლოპედიურ ლექსიკონში ფრანცისკი, ხოლო ქართველი კათოლიკეების ვებ-გვერდზე - ფრანცისკე.
ალბათ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სახელს თანდართული "პირველი", ზოგადად, არასწორია, რადგან თუნდაც იოანე პავლე მეორის შემთხვევაში, მისივე სეხნია არ მოიხსენიებოდა იოანე პავლე პირველად მანამ, სანამ არ გამოჩნდა პაპი, რომელმაც იგივე სახელი დაირქვა, ანუ, პაპი იოანე პავლე მხოლოდ მას შემდეგ მოიხსენიებოდა იოანე პავლე პირველად, რაც პაპი გახდა იოანე პავლე მეორე.
რაც შეეხება ახალი პაპის სახელს, ალბათ, საყურადღებოა რელიგიის ისტორიკოსის, თეოლოგის, ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ მერაბ ღაღანიძის განმარტება, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ მერაბ ღაღანიძემ სამეცნიერო სტაჟირება რომის წმ. თომა აკვინელის სახელობის პაპის უნივერსიტეტში გაიარა:
"ენის ნორმების თანახმად, ეროვნულ ენებზე ითარგმნება წმიდანების, მონარქების და ეკლესიის მეთაურთა სახელები. ეროვნულ ენაზე ნიშნავს, რომ ის გადადის იმგვარად, როგორც იმ ენაშია დამკვიდრებული: ნიკოლო/ნიკლას/ნიკოლაი და ა. შ. ქართულად იქნება "ნიკოლოზი", პოლ/პაულ/პაველ და ა. შ. "პავლე" და სხვ. და სხვ. რადგან ქართულ კათოლიკურ ტრადიციაში საუკუნეების განმავლობაში ქართველები წმიდანს მოიხსენებიდნენ და ბავშვებს არქმევდნენ "ფრანცისკეს", ასევე დარჩება პაპის შემთხვევაში (და არა ფრენსის/ფრანც/ფრანჩესკო/ფრანცისკ/ფრანტიშეკ და სხვ.)... ჩვენ ვამბობდით "იოანე პავლეს" (სწორად!) და არა: ან ჯონ პოლს, ან ჯოვანი პაოლოს, ან ჟან პოლს..."
ასე რომ, თუ მერაბ ღაღანიძის ვერსიას და სახელებთან დაკავშირებით ქართველი კათოლიკეების ტრადიციას გავიზიარებთ, უნდა დაიწეროს და წარმოითქვას: "რომის პაპი ფრანცისკე".
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






