გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე, აქციასა და ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC წერს.
„ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოში, მთავრობის მიერ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის შესაძლო დახურვის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ, რომელიც დაყადაღებულია მმართველობისთვის დავის პროცესში.
შეკრებილები ხელისუფლებას მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი გააფრთხილა, რომ პროტესტის მიმდინარეობისას ნებისმიერ კანონდრაღვევას მკაცრი პასუხი მოჰყვება" წერს გამოცემა.
სტატიის თანახმად, რუსთავი 2-ის ქონება, საკუთრების დავის გამო აგვისტოს შემდეგ დაყადაღებულია. რამაც გამოიწვია შიში, რომ მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ შესაძლოა მის საქმიანობაში ჩარევით, არხის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას. ზაფხულში სასამართლომ გაყინა ტელეკომპანიის აქტივები მას შემდეგ, რაც კოალიციასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა სასამართლოს სარჩელით მიმართა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავრობის ოპონენტების და არხის მფლობელების განცხადებით, არხის დაგეგმილი დახურვა იმ კამპანიის ნაწილია, რაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ პრესის გაჩუმებას ისახავს მიზნად.
“მთავრობამ გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 იმ ადამიანის საშუალებით, რომელიც მისი კონტორლის ქვეშ არის, რაც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის დახურვის ტოლფასია“ - განუცხადა რუსთავი 2-ის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა AFP-ს - “ეს დაასრულებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას” - დასძინა მან.
ოთხშაბათს, არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მთავრობის შუამავალი მას დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ თანანმდებობას არ დატოვებდა, ის ფარული ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდებოდა, სადაც მისი „პირადი ცხოვრებაა“ აღწერილი.
საქართველოს პროკურატურამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
1994 წელს დაფუძნებული რუსთავი 2 საქართველოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა" - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






