"რევიზორები" ჩამოვიდნენ, რათა შეემოწმებინათ ის საწარმოები, რომელთა პროდუქცია ევროპაში ჩატარებულ კონკურსებში უმაღლეს ჯილდოებს და ბევრი მათგანი კი ოქროს მედლებს იღებენ.
ეს ის "რევიზორები" ამოწმებდნენ ქართულ პროდუქციას, რომლებმაც, თავად რუსეთში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, ქიმიურ და ხელოვნურად დამზადებულ ღვინოს, ალკოჰოლური პროდუქციის კონკურში პირველი ადგილი მიანიჭეს. ალბათ, ყველას გაქვთ ეს ვიდეო ნანახი...
მაგრამ მე ამ თემაზე არ მინდა შევჩერდე, ის რომ ამ "რევიზორებს" ქართველმა მეწარმეებმა საკადრისი პასუხი არ გასცეს და პირიქით ბოდიშიც კი მოუხადეს, ეს თავად მეწარმეების "თავმოყვარეობის" საკითხია, ნუ საწარმოს "მოგება" სჭირდება, მოგებას (ფულს) კი სუნი არ ასდის.
აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო აბაშიძის სიტყვებზე, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან ვიზები თუ არ გაუქმდება, შემსუბუქდება მაინც. აბაშიძის ამ განცხადებას იმავე საღამოს გამოეპასუხნენ რუსეთიდან და მათ დააკონკრეტეს, რომ სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება, არამედ შემსუბუქდება გარკვეული პიროვნებებისთვის.
გამოდის, რომ შემსუბუქება ყველას არ შეეხება, არ შეეხება აგრეთვე გლეხებს.
ხოდა, აქაა ძაღლის თავი ჩამარხული, მგონი.
საქართველოში მალე სოკოებივით მომრავლდებიან საშუამავლო ფირმები, რომლის ხელმძღვანელებიც ის პირები იქნებიან, რომლებსაც რუსეთის კანონმდებლობით შეეხებათ რუსეთის სავიზო მიმოსვლის შეღავათები. ისინი მასიურად დაიწყებენ გლეხებისაგან პროდუქციის შესყიდვას, რათა შემდეგ მათი რეალიზება მოხდინონ რუსეთის ბაზარზე. თავიდან, რა თქმა უნდა, ფასი შეიძლება მაღალი გადაიხადონ, მაგრამ შემდეგ კი, იმისათვის, რომ ერთმანეთს რუსეთის ბაზარზე გაუწიონ კონკურენცია არა ხარისხით, არამედ ფასით, ისინი უკვე ეცდებიან მაქსიმალურად დაბალ ფასში შეისყიდონ გლეხებისგან მოწეული მოსავალი. გლეხსაც მეტი რაღა დარჩენია? ან ფასს უნდა დაუკლოს, რომ მოსავალი არ შერჩეს ან კი გააფუჭოს ხარისხი.
ცალკე თემაა თავად ღვინის თემა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით, ქართული ღვინო რუსეთის მხოლოდ იმ რეგიონებში გაიყიდება, რომლებიც თავად არ აწარმოებენ ღვინოს. ეს ძირითადად დაბალმსყიდველუნარიანი რეგიონებია. რა თქმა უნდა, მანდ რომ ქართველმა მეღვინემ შეძლოს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა და მისმა პროიდუქციამ კონკურენციის გაწევა, მაშინ ფასი უნდა იყოს დაბალი. დაბალი ფასი კი კარგ ღვინოს არ ექნება. მოხდება ღვინის ხარისხის დაცემა, ეს კი თავისთავად ხელს აძლევს რუსეთს, რომელსაც ხელმოსაჭიდი ექნება - როცა უნდა დაუკეტოს ქართულ პროდუქციას საკუთარი ბაზარი - უხარისხო პროდუქციის მიწოდების საბაბით, და როცა მოუნდება გაუხსნას.
აქედან გამომდინარე, ქართველი გლეხი მაინც ვერ ხეირობს რუსეთის ბაზრის გახსნით, რადგან თუ გლეხი, რომლის მოსავალიც, მაგალითად, რამდენიმე ათეულ ტონა ყურძენს მოიცავს, უნდა ჩააბაროს ღვინის ქარხანას, ან უნდა ჩააბაროს გადამყიდველს, რადგან თავად მას არ შეეძლება, რომ საკუთარი მოსავალი თავად გაიტანოს რუსეთში, ხოლო ღვინის ქარხნების მეპატრონეებიც (რომელთა უმრავლესობასაც საკუთარი ვენახები აქვთ) და გადამყიდველებიც ეცდებიან, გლეხისგან ისეთი დაბალი ფასით ჩაიბარონ, რომ რუსეთში კონკურენტუნარიანი იყოს.
ხოლო ის თუ ვინ ჩაიგდებს ხელში ამ საშუამავლო ფირმების ნიშას, აქ უკვე მგონი შეკითხვები არ უნდა არსებობდეს.
კიდევ შეიძლებოდა ამ თემის განვრცობა, მაგრამ ხალხი მოლოდინის და იმედების რეჟიმში ცხოვრობს, ხოდა მეც იმედს ვიტოვებ, რომ რაც აქ დავწერე არ ახდება და შევცდები, თუმცა კი ქართველთა ბუნება გავითვალისწინე ამ ნაწერში.
რუსეთი ასევე შეეცდება, მაქსიმალურად ჩააბას ამ პროცესში მის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონები. თუ როგორ, ამას ალბათ ქართველებისთვის სიურპრიზად შემოინახავს, მას ხომ ყოველთვის აქვს ქართველებისთვის მრავალი "ДОМОШНЫЕ ЗАГОТОВКИ"
გიორგი შარაშენიძე
მასალის გამოყენების პირობები






