რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთმა შესაძლია პენტაგონის შეთავაზება მიიღოს და სირიაში აშშ-სთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედოს.
კონაშენკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის თხოვნას გამოეხმაურნენ და ამერიკელების წინადადება განიხილეს, სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ფარგლებში ქმედებების კოორდინირების შესახებ. „აღნიშნული წინადადებები შესაძლოა, განხორციელდეს. საჭიროა მხოლოდ ცალკეული ტექნიკური დეტალების დაზუსტება" - განაცხადა კონაშენკოვმა.
შეგახსენებთ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო ორჯერ დაარღვია. პირველი შემთხვევა შაბათს დაფიქსირდა. თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. უწყების განცხადებით, თვითმფრინავის დაფიქსირებისთანავე თურქეთის სამხედრო უწყებამ ორი გამანადგურებელი "ეფ-16" გააგზავნა.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიიწვიეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა, "შემთხვევით" მოხდა.
ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირადა გუშინაც. ინციდენტის გამო, ოფიციალურმა ანკარამ რუსეთიდან ელჩი კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ინციდენტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით ვაშინგტონი შეშფოთებულია და ეს ინციდენტი შეიძლებოდა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებითაც დასრულებულიყო.
ნატომ კი გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ქმედებას "სახიფათო და უპასუხისმგებლო" უწოდა.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა "შემთხვევითობას არ ჰგავს" და ამის შესახებ ალიანსს არანაირი რეალური ახსნა-განმარტება არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები






