დღეს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
საპატრიარქოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დაფლული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. აღნიშნული ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები