წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული, . ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის ცოლი და თეიმურაზ მეფის დედა იყო.
შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად ოჯახის წევრები მძევლებად მოითხოვა, ასე აღმოჩნდნენ შაჰის კარზე ქეთევან დედოფალი და მისი შვილიშვილები ალექსანდრე და ლევანი. შემდეგ შაჰმა სპარსეთში ჩასვლა თეიმურაზსაც მოსთხოვა. მეფე მიხვდა, რომ შაჰს სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად გაენადგურებინა, ამიტომ შაჰის წინააღმდეგ ქართლის მეფესთან გაერთიანდა. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი. შემდგომში შაჰის მიერ ნაწამები ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი შეიშალა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი "საპატიო" ტყვეობაში. შაჰ აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. თუმცა მიუხედავად სასტიკი წამებისა დედოფალი ამაზე არ დათანხმდა.
როგორც ისტორიიდანაა ცნობილი შაჰ-აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს: თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.
როგორც მეცნიერებუ ვარაუდობენ საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ისინი მოხვდა გოასა და რომში.
ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.
ამ დროისთვის საქართველოშია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ინდოეთში ინახებოდა.
„ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება."- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები