არის თუ არა ევრაზიული კავშირი ქართველთა ძველი ნოსტალგია? - ამ იდეის მომხრეებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევლის შედეგები მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, ევრაზიულ კავშირში შესვლას გამოკითხულთა 31% უჭერს მხარს.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არასოდეს არ დაუმალავს, რომ მისი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლა იყო, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, რომ სისტემა რაღაც ახლით ჩაანაცვლოს. ბოლო წლებია წარმოიშვა იდეა: საბჭოთა კავშირის საძირკველზე ევრაზიული კავშირის დაფუძვნების შესახებ.
მართალია, საქართველოს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას დასავლური არჩევანი ოფიციალურად გაკეთებული აქვს, რუსეთი კი ოკუპანტი ქვეყანაა. ბოლო ორი წელიწადია, მოსახლეობის მცირე ნაწილი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და დათმობებზე წასვლას მაინც მოითხოვს.
გუშინ „ერეკლე მეორეს“ საზოგადოების წევრებმა პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს და მარგველაშვილს სამხედრო ნეიტრალიტეტი მოსთხოვეს.
„ხმამაღლა ვაცხადებთ, ეშინოდეთ პრორუსული ძალის. ამიტომ არის შეშფოთებული გენერალი ხიდაშელი? სოროსელი... არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები... რუსეთი ჩვენი მეგობარია... რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობა გვინდა“, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
პოლიტოლოგი გია ნოდია „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ საქართველოში საგარეო პოლიტიკის კუთხით მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი.
"პრორუსული მოსაზრებები ადრეც იყო, მაგრამ ხმამაღლა ნაკლებად გამოითქმებოდა“, - ამბობს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ იგივე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს კვლავ მტრად ან საფრთხის წყაროდ განიხილავს, ხოლო მოქალაქეთა თითქმის იგივე მაჩვენებელი, 70-80%, ისევ ევროინტეგრაციასა და ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს.
"შეიძლება ამ თემის გააქტიურებამ მართლაც გამოიწვიოს საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერება. თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება წლების განმავლობაში იმდენად სტაბილური იყო, რომ ასე მარტივად არ შეიცვლება," - განაცხადა ნოდიამ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, რუსული ნოსტალგიის მეტასტაზების გავრცელებას აქტიურად ადევნებენ თვალს ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები.
მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა საქართველოში არსებულ პროდასავლურ პარტიების ლიდერებს კონსოლიდაცისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
ფაქტს რომ აშშ ჩვენს ქვეყანაში პროდასავლურ დასაყრდენ ძალას ეძებს გიგი უგულავას მიერ 23 საათიანი თავისუფლებისას გაკეთებული განცხადებაც ამყარებს.
გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა: „ოპოზიციური პარტიები მიდიან იმ კონდიციამდე, რომ დღეს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი“.
თბილისის ყოფილმა მერმა არსებული ხელისუფლების შესაცვლელად პროდასავლური პარტიებთან კოორდინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"როგორც გამოჩნდა, ოპოზიციური პარტიები ნელ-ნელა მიდიან იმ კონდიციამდე, რომ დღეს მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. თუ ჩვენ კორდინაცია გვექნება, ეს პრობლემა მოგვარდება",- აღნიშნა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.
მისი განცხადებით, "ის რომ ივანიშვილი არის პრობლემა" ოპოზიციის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს კარგად ესმის.
"ალასანიას გუნდთან ერთად ეს ესმის ბაჩუკი ქარდავას, ახალ მემარჯვებსაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ეს განცდა კი იძლევა შესაძლებლობას, რომ სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვითანამშრომლოთ",- განმარტა თბილისის ყოფილმა მერმა.
საპარლამენტო კულუარებიდან მიღებული ინფორმაციით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის რბილი პოლიტიკით უკმაყოფილებას ვერ მალავენ „რესპუბლიკელები“. სწორედ ხელისუფლების უმოქმედობა შეიძლება გახდეს „რესპებისა და „ქართული ოცნების’ ღია დაპირისპირების მიზეზი რომელიც სავარაუდოდ არჩევნებამდე გაცხადდება.
საგულისხმოა თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის BBC-ისისთან გაკეთებული განცხადება სადაც მინისტრი ამბობს, რომ „არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ“.
თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თუ ვარშავას სამიტზე საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, იკვეთება საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, საქართველო დიდი ხანია ნატოში ინტეგრაციისთვის იბრძვის და ქართულ საზოგადოებაში ამ კუთხით უკვე რწმენა დაკარგეს.
მინისტრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ვარშავას სამიტი საქართველოში 2016 წლის არჩევნებს ემთხვევა.
"თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ.
საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება.
ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, რუსული აგრესიის შესახებ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ. თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები კლავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს არ დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებას. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სკეპტიციზმი ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ძალიან მაღალია. არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
გაერთიანდებიან თუ არა პროდასავლური ძალები საარჩევნოდ? - ამ კითხვით „ნიუოპოსტმა“ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს მიმართა.
ენმ-ს წევრი პრორუსული ჯგუფების შესამჩნევი გააქტიურებას ხელისუფლების სისუსტეს უკავშირებს.
"ხელისუფლების ნაწილს ძალა არ შესწევს პრორუსულ ძალების საფრხეს დაუპირისპირდეს და ნაწილის მხრიდან ხდება ამის წახალისება, თვითონაც იგივე განწყობები აქვთ, უბრალოდ ჯერჯერობით სხვისი ხელით სინჯავენ და იმყარებენ ნიადაგს იმისათვის, რომ თვითონაც გამოხატონ. თქვენი კითხვის მეორე ნაწილს პროდასავლური პარტიების გაერთიანებას დასავლური ღირებულებების მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს გაერთიანებას, რადგან არსებობს მთელი რიგი საკითები , რომლებიც მათ განასხვავებს
მეორე, ბოლომდე ნათელი არ არის ვინ არის იდეოლოგიურად პროდასავლური და ნამდვილად დაპირისპირებული რუსეთის ნებისმიერ ძალასთან საქართველოში",- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






