ბარკალაიას განცხადებით, პროკურატურა მის საქმეს რეალურად მიუდგა და გამოიძია.
„ვერ წარმოვიდგენდი, თუ ქონებას დამიბრუნებდნენ, იმედი კი მქონდა, რადგანაც რეალურად, უკანონოდ იყო ჩამორთმეული და ეს არ იყო ერთი ან ორი ავტომობლილი, აქ იყო 10 ავტომობილზე საუბარი და მერე ცენტრის ჩამორთმევაზე და მთელი პროცედურები. მაგრამ პროკურატურამ საქმე განიხილა და მას რეალურად მიუდგნენ. საქმე ძალიან რთული გამოსაძიებელი იყო, რადგან ზოგი საქართველოში არ იყო, ზოგი გაქცეულია, მაგრამ პროკურატურამ მაინც ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე“, - განაცხადა გელა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა შპს „მათემოტორსი“-ს დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას უნდა შეეძინა 10 ერთეული „TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის ამ მოთხოვნას. 2010 წლის 27 ივლისს, გელა ბარკალაიას წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-სგან 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მარკის ავტომანქანა. ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, 2010 წლის 03 აგვისტოს, გელა ბარკალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და 2010 წლის 17 აგვისტოს, პროკურატურამ მასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






