არასრულწლოვანი გოგონა სუს-ის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ოჯახის მტკიცებით, ის სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს, მთელი ღამის განმავლობაში მოდულის შენობაში ჰყავდათ და კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ.
როგორც ცნობილია, კითხვები მის ძმას უკავშირდება, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით არის დაკავებული.
არასრულწლოვანი გოგონას ინფორმაციით, გატაცება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი კაფე-ბარიდან გამოდიოდა, სადაც ის მუშაობს.
მისი თქმით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მისი ძმა სირიაში გადასვლით იყო დაკავებული.
„16 გამომძიებელი იყო იქ. როდესაც ვერაფერი მოისმინეს, დაიწყეს ვიდეოების ჩვენება, სადაც ასახული იყო ადამიანების წამება. ადამიანებისთვის თავის, ყურის მოჭრა, თვალის ამოღება და მსგავსი შემზარავი ფაქტები იყო ვიდეოში ნაჩვენები. მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან საქართველოში, ხეობებში ხდებაო. ასევე მითხრეს, ნახე ჩვენ რას ვუშვრებით სხვას და შენ არ გიშვრებითო“, - ამბობს არასრულწლოვანი, დიანა კილაძე.
„ნიუპოსტი“ ფაქტის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარს არ ადასტურებენ.
მასალის გამოყენების პირობები






