ფოტოზე ასახული მამაკაცი დურმიშხან ზოიძეა, რომელიც პოლიციამ მამასთან ერთად გუშინ დააკავა.
„ნიუპოსტი“ ადვოკატ პაატა შავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან დღეს აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
„არ გავაკეთებ, კომენტარს არ ვარ უდლებამოსილი, ვისაუბრო აღნიშნულ საკითხზე, ფოტო სულ რარაც 20 წუთით დავდეთ და დიდი რეზონანსი გამოიწვია, ჟურნალისტებმა ეგრევე აიტაცეთ ეს თემა“,- განაცხადა ადვოკატმა, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ: „როგორც დურმიშხან ზოიძემ უთხრა, „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას ცემეს“.
„ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ ბათუმში, დურმიშხან ზოიძე და მისი მამა საპატრულო პოლიციამ გუშინ დააკავა, თუმცა მღებრიშვილის უწყება დაკავებულების მიმართ რაიმე სახის ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
„ბათუმში, ლორიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, მართვის უფლების არმქონე პირი. მას თან ახლდა ასევე არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი ოჯახის წევრი. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლის - დურმიშხან ზ-ს მიმართ დაიწყეს ადმინისტრაციული რეაგირების გატარება, მძღოლმა და მამამისმა - ნუგზარ ზ-მ პატრულ-ინსპექტორს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რაც დაფიქსირებულია პატრულ-ინსპექტორის სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დურმიშხან ზ. და ნუგზარ ლ. ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ისინი საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურის გავლისას, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დურმიშხან ზ. კვლავ ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციის თანამშრომლებისთვის, თავით დაეჯახა მეტალოპლასტმასის ფანჯარას, ფანჯრის შუშა ჩაამსხვრია და თვითდაზიანება მიიღო, რასაც მამამისი - ნუგზარ ზ-ც ესწრებოდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და შემდეგ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
დურმიშხან ზ-ს მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების განზრახ განადგურებას ან დაზიანებას ითვალისწინებს.
სასამართლომ ნუგზარ ზ, რომელმაც აღიარა და მოინანია დანაშაული, სამართალდამრღვევად სცნო და მას შენიშვნა გამოუცხადა. დურმიშხან ზ. კი ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და მას ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვაზე თუ რამ გამოიწვია დურსმიშხან ზ-ს დაზიანებები, მან უპასუხა, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. რაც შეეხება 187-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ორივე პირის დაკითხვა უახლოეს პერიოდში ადვოკატთან ერთად მოხდება“,- განუცხადეს „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






