ღონისძიების მიზანი იყო აფილირებული კომპანიების წარდგენა და მათი უპირატესობების წარმოჩინება, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის განვითარებისთვის.
პრეზენტაცია წარადგინეს მედია სააგენტოების, „Pro Media”-სა და „Spot Media”-ს დირექტორებმა: სალომე უნგიაძე და ნათია წულეისკირი.
ღონისძიებას ესწრება „GroupM“-ის ( „WPP“-ში შემავალი მედია სააგენტოების მენეჯმენტ კომპანია) აღმასრულებელი დირექტორი ნილ ჰარდვიკი, რომელმაც პრეზენტაცია დაასრულა.
როგორც ,,ნიუპოსტს’’ „Spot Media“-ს დირექტორმა, ნათია წულეისკირმა განუცხადა, „WPP“, როგორც უდიდესი კომპანია, მოიცავს მრავალ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.
,,ეს კომპანიები დღეს უკვე საქართველოში არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ვემსახურებით როგორც ქსელურ კლიენტებს, ასევე ადგილობრივ კლიენტებსა და რეკლამების დამკვეთებს. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, ეს არის მედია ინვესტიციების მართვა, რაც გულისხმობს რეკლამის დამკვეთის მედიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტების სწორ დაგეგმარებასა და რეკლამების სწორად მიწოდებას კლიენტებამდე“, - აღნიშნა „Spot Media“-ს დირექტორმა ნათია წულეისკირმა.
„WPP“ არის მსოფლიოს უდიდესი მარკეტინგული საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 162 ათასი ადამიანი 110 ქვეყანაში.
2012 წლის Cannes Lions-ის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე „WPP“ უკვე მეორედ დასახელდა როგორც წლის კომპანია.
2012 წლის დეკემბერში , „Management Today“-ის მიერ „WPP“-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინ სორელი დასახელდა ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულ ლიდერად, რისთვისაც მას გადაეცა დიდი ბრიტანეთის “Marketing Society’s Outstanding Leadership” ჯილდო.
სარეკლამო სააგენტოები, „Pro Media” (აფილირებული „Mediacom“-თან) და „Spot Media” (აფილირებული „Mindshare“-თან) საქართველოში 2011 წელს დაარსდა. მათი მომსახურების არეალი მოიცავს: სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას, რეკლამის განთავსებას, ბიუჯეტირებასა და ანგარიშგებას.
გლობალური მედია გიგანტებისაგან, „Mediacom“-ისა და „Mindshare“-სგან მიღებული მხარდაჭერა, ცოდნა და გამოცდილება აფილირებულ სააგენტოებს საშუალებას აძლევს კლიენტების სიაში ჰყავდეთ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მეგაბრენდები.
„WPP“, სარეკლამო სააგენტოების „Pro Media”-სა (აფილირებული „Mediacom“-თან) და „Spot Media”-ს (აფილირებული „Mindshare“-თან), მეშვეობით საქართველოს ბაზარს უზიარებს დასავლურ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს მარკეტინგული კომუნიკაციების დანერგვისა და განვითარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






