როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საკონსიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ უგულავამ საკანონმდებლო ორგანოს საქმე ნაწილობრივ მოუგო, სადაც ის პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებდა.
სარჩელში ,,გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, თბილისის ყოფილი მერიპარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს, რაც მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული და წინასწარ პატიმრობაში არაკონსტიტუციურად იმყოფება.
გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს.
უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც, მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.
მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას არ წარმოადგენს.
უგულავა ასევე თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას.
მასალის გამოყენების პირობები






