მანანა კობახიძემ მალაიზიის ციხეში 2010 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქართველი ქალბატონი, დარეჯან კოხტაშვილი მოინახულა. პატიმართან ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
მალაიზიაში დაკავებული ქართველები – ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სახრჩობელას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცველებს ნებით ჩაბარდათ ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ (გიორგი) დავითიანი და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო.
– საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ჩემი, ზვიად კვაჭანტირაძისა და დავით ბაქრაძის შემადგენლობით, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით მალაიზიაში, სადაც საქართველოს საელჩო გაიხსნა. ჩვენს დიპლომატს აქვს საშუალება, მოინახულოს ხოლმე ეს ქალბატონები. ისინი მადლობელნი არიან საელჩოს წარმომადგენლის, ბატონი ლევან მაჭავარიანის მუშაობით. სამწუხაროდ, როცა დააკავეს, მაშინ არ გვქონდა წარმომადგენლობა და, შესაბამისად, ძალიან ჭირდა კომუნიკაცია აქაურ სტრუქტურებთან. სხვათა შორის, ძალიან დიდი მადლობლები არიან არა მხოლოდ დღეს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მაშინდელი მთავრობისაც, კერძოდ, ბატონი გიორგი ვაშაძის, რადგან რეალურად მაშინ მართლაც ძალიან დაეხმარათ საქართველოს სახელმწიფო. რაც შეიძლებოდა, გაკეთდა, თან იმ პირობებში, როცა მალაიზიაში არანაირი წარმომადგენლობა არ გვქონია.
– რაც შეეხება პირობებს, რამდენად დამაკმაყოფილებელია იქაურ ციხეში არსებული პირობები?
– როცა ადამიანი ციხეშია, თანაც უცხო ქვეყანაში, კარგად ყოფნაზე საუბარი რთულია, თუმცა თავად დარეჯანს რაიმე საჩივარი არ გამოუთქვამს. თავიდან ენობრივი ბარიერის გამო ჰქონდა პრობლემები, ახლა აქაურ ენასაც დაეუფლა და კონტაქტი აღარ უჭირს. სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ დასაქმებულიც არის და შედარებით უკეთესი პირობები აქვს. სამწუხაროა, რომ მეორე ქალბატონს ვერ შევხვდი, თუმცა ჩვენი წარმომადგენლისგან ვიცი, რომ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ციხეში ყოფნა, მით უმეტეს ძალიან შორს შენი ქვეყნიდან და ახლობლებისგან, ცხადია, ყოველთვის მძიმეა. არავის ვუსურვებ მსგავს მდგომარეობას. იმედი მაქვს, ორივე ქალბატონი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვესაუბრე დარეჯან კოხტაშვილს. მას ერთი წელი დარჩა სასჯელის მოხდამდე, ბაბუცა გორდაძეს კი თებერვალში გასდის პატიმრობის ვადა. მისი მონახულება, დროის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ის სხვა ქალაქშია, სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში იმყოფება. პერიოდულად ოჯახს ტელეფონით უკავშირდებიან და მათთან რაღაც დონეზე კომუნიკაციის საშუალება აქვთ.
– თუ გესაუბრათ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით?
– ამ ქალბატონმა მითხრა, რომ რეალურად არანაირი კავშირი ნარკოტიკებთან და ამ დანაშაულთან არ ჰქონია. საქმის დეტალები არ მოუყოლია და სიმართლე გითხრათ, აღარ განვუახლე ეს ტკივილი. მისთვის ეს ძალიან ემოციური საკითხია. სამწუხაროდ, სრულად მათი გამართლება შეუძლებელი აღმოჩნდა. მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი სიკვდილით დასჯას გადაურჩა. იცით, რომ აქ ნარკოდანაშაულის მიმართ კანონი ძალიან მკაცრია და არაერთი მოქალაქე დაუსჯიათ სიკვდილით. მთავარი იყო მათი სიცოცხლის გადარჩენა. მოგეხსენებათ, მალაიზიაში არის კონსტიტუციური მონარქია. ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლეს შეწყალების უფლებით და სასჯელის გარკვეულ ნაწილში მონარქმა ისინი შეიწყალა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






