2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელი ტერორისტები ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენსა და ვაშინგტონში მდებარე პენტაგონის შენობას თავს დაესხნენ.
ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ 767" ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ტერორისტი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხისა და უჰაერობის გამო ადამიანები ფოიეში იგუდებოდნენ. თავის გადარჩენის მიზნით, რამდენიმე მათგანი მაღალი სართულებიდან გადმოხტა. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ 757" პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს სულ 2 996 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 19 გამტაცებელი.
"გრაუნდ ზეროზე", იქ, სადაც ტერაქტი განხორციელდა ახლა რამდენიმე ახალი კოშკი და სავაჭრო ცენტრი დგას. ახალ სავაჭრო ცენტრში 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მუზეუმია გახსნილი. იქვეა ხსოვნის მემორიალი, რომელზეც ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული მათ უკვდავსაყოფად.
ყოველ წლის 11 სექტემბერს, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში, პატრიოტის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაეშვება.





მასალის გამოყენების პირობები






