ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმე ზამთარაშვილის ჩვენებით, ბრალდების მხარის მოტივმა კიდევ ერთხელ განიცადა ფიასკო.
ეს განცხადება დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„დღეს დაიკითხა მოტივთან დაკავშირებული მოწმე ზამთარაშვილი, მან ისაუბრა ინფორმაციაზე, რომელიც ლევან ფირცხალავასთან დაკავშირებით მიიღო. მისი ჩვენებით, გამოძიების მოტივმა კიდევ ერთხელ განიცადა ფიასკო. კონკრეტულად ზამთარაშვილმა დაადასტურა, რომ ხუბულოვი არ იყო მისი ინფორმატორი, ამდენად ირაკლი ფირცხალავა და ალექსანდრე ხუბულოვი ამ თემიდან გამომდინარე დაკავშირებული ვერ იქნებოდნენ, შესაბამისად მოტივი აღარ არსებობს.
ბრალდების მეორე მოწმე გახლდათ ასევე პოლიციელი ბერბიჭაშვილი. მან თქვა, რომ ბეროძე საავადმყოფოში მას არ გადაუყვანია, ასევე ფაქტია, რომ ბეროძე საავადმყოფოში ვერ გადაფრინდებოდა, ის ვიღაცამ წაიყვანა. შეიძლება ბეროძეს გვარი ეშლება და არასწორად აქვს მითითებული. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოწმემ არაფერი არ იცის, რადგან ის არ არის თვითმხილველი და არ შეიძლება მივიჩნიოთ ბრალდების მხარდამჭერ მოწმედ.
დღეს ასევე დაიკითხა ორი ექსპერტი. ამ ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა იყოს ცალკე შეფასებული, ეს დასკვნები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივად შეფასებული მტკიცებულებების საფუძველზე მივალთ სრულყოფილ დასკვნამდე“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 14 სექტემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე კვლავ ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
მასალის გამოყენების პირობები






