ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართო პროცესზე ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. ამათგან ერთ-ერთი დაკითხული იყო ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეო-აუდიო კასეტა, სადაც გიორგი ცააძისა და ედუარდ სინდოიანის საუბარია ჩაწერილი არის უწყვეტი.
„როგორც ექპერტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვიდეო-კასეტა არის უწყვეტი და მასზე მონტაჟის კვლები არ არის. მეორე მოწმე იყო მერაბ ბაღათურია, მისი ჩვენებიდან დგინდება, რომ მას გიორგი ცააძის მიერ საკონტროლო გასროლების შესახებ არაფერი არ გაუგია. ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში იარაღები ჩადეს. მერაბ ბაღათურიას ჩვენება გამორიცხავს ბრალდების მოწმის კერძოდ, კობა გოგატიშვილის ჩვენებას. ბაღათურია არ ადასტურებს, რომ ცააძემ შემთხევის ადგილზე მას უთხრა, „რაც ვესროლე არცერთი არ ავაცდინეო“. გამომდინარე აქედან გოგატიშვილი ცრუობს.
დღესვე დაიკითხა მოწმე მათითაშვილი, რომელმაც არაფერი იცის საკონტროლო გასროლების შესახებ, არც ის არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. მას მონაწილეობა არ მიუღია სპეცოპოპერაციაში, ის მას შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე, რაც გამოიძახეს და პერიმეტრის დაცვა დაავალეს. მათითაშვილი ასევე არ ფლობს ინფორმაციას საკონტროლო გასროლებისა და იარაღის ჩადების შესახებ.
რაც შეეხება მოწმე ვიქტორ ხიზანიშვილს, მისი ჩვენება კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს. იგი აგებულია ჭორებზე. ხიზანიშვილი ვერ უთითებს ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს და მისი ნაამბობის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლებელია, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მისი ჩვენება არასარწმუნოდ მივიჩნიოთ“,- განაცხადა დავით ხაჟალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






